კუჭავას სასამართლომ ჯარიმა არ დააკისრა, აგიტაციისთვის მას მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას, რომელიც არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე პარტიული სიმბოლიკით მივიდა, მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. კუჭავას ადმინისტრაციული სახდელი არ დაეკისრა.

„კახაბერ კუჭავა ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, თუმცა იგი გათავისუფლდა პასუხისმგებლობისგან დარღვევის მცირე მნიშვნელობის გამო. ამ მასშტაბის დარღვევაზე ამგვარი რეაგირება, როდესაც სასამართლო მცირე მნიშვნელობის დარღვევად მიიჩნევს ჩვენთვის მიუღებელია და ცესკო-ზე იქნება დამოკიდებული გაასაჩივრებს თუ არა ამ დადგენილებას“, – განაცხადა გიორგი ანთაძემ, საიას იურისტმა.

კახა კუჭავას უფლებების დამცველი სალომე გულუა აცხადებს, რომ ეს არ იყო მიზანმიმართული აგიტაცია და მოხდა მექანიკურად.

„ტელევიზიებითაც დაფიქსირდა, რომ კახა კუჭავა საარჩევნო უბანზე მისული იყო დილის საათებში, ამ პირბადით მოუწია შესვლა და არ იყო გამოყენებული საარჩევნო მიზნებისთვის”, – აღნიშნა სალომე გულუამ.


პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების” ლოგოიანი პირბადით მივიდა, რაც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა. კერძოდ, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია. 

კანონში წინასაარჩევნო აგიტაცია განმარტებულია, როგორც: ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას, ან/და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა;

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, წინასაარჩევნო აგიტაციაში ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით მონაწილეობა ისჯება 2 000 ლარით.


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კახა კუჭავას მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა და საქმე განსახილველად გადაეგზავნა სასამართლოს.