ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში ისაუბრა. მან ამავე ეთერში განმარტა – რატომ არ არის რეანიმატოლოგი გლდანის პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში.
თამარ გაბუნიას თქმით, რეანიმატოლოგების რესურსი ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის პანდემიის დროს მთლიანად სამოქალაქო სექტორში გადმოიყვანა.
„ჩვენ არ გვქონდა იმის ფუფუნება, რომ რეანიმატოლოგები იქ დაგვეტოვებინა. დღეს უკვე მომზადებული და მობილიზებულია რეანიმატოლოგების ჯგუფი და მზად არიან, როდესაც გახდება საჭირო, ჩაერთონ პროცესებში. არ გვქონდა იმის ფუფუნება, რომ ცარიელ ოთახში ყოფილიყო რეანიმატოლოგი, როდესაც მე მივედი იქ ან როდესაც მივიდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი.
ჩვენ წინაშე დგას ორმაგი პასუხისმგებლობა: ერთი მოშიმშილე პირის მიმართ და მეორე სამედიცინო პერსონალის მიმართ, ვინც იქ მიდის, რომ იყოს იქაურობა აღჭურვილი.
დიახ, ეს კლინიკა ნამდვილად არის მრავალპროფილური. ამიტომ ჩვენ გვჭირდება კონსილიუმის დასკვნა – რა სპეციალიზებული დახმარების აღმოჩენაა საჭირო,” – განაცხადა თამარ გაბუნია ტელეკომპანიის ეთერში.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა.
ომბუდსმენის თქმით, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებთან სრულ შესაბამისობაში არ არის. არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.