Euronews-ის მიერ ორგანიზებულ სამიტზე, რომელიც ბრიუსელში იმართება და ევროპის მომავალს ეხება, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ „სომხეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს წარმატება ევროკავშირის გზაზე“. ანალოგიური შინაარსის განცხადება ფაშინიანმა რამდენიმე თვის წინ ევროპარლამენტშიც გააკეთა.
„ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს, რათა შეასრულოს თავისი ევროპული მისწრაფებები. საქართველო კანდიდატი ქვეყანაა. გადაწყვეტილება, მიგვეღო კანონი, რომლის საფუძველზეც სომხეთმა ევროკავშირში სწრაფვა დაიწყო, შთაგონებული იყო ევროკავშირის გადაწყვეტილებით [საქართველოსთვის მიენიჭებინა კანდიდატის სტატუსი] და საქართველოს მიზანსწრაფულობით, ყოფილიყო ევროკავშირის წევრი. ჩვენთვის, სომხეთისთვის საქართველოს წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც მოქალაქეების აღქმისთვის ჩვენი ევროკავშირზე ორიენტირებული პოლიტიკისა და პერსპექტივის შესახებ“, – თქვა მან 3 ნოემბერს ბრიუსელში.
ფაშინიანმა ასევე განცხადა, რომ სომხეთი სამხრეთ კავკასიას „ერთ ორგანიზმად ხედავს“.
„მე ვფიქრობ, სამხრეთ კავკასია არის მთლიანი რეგიონი, რა თქმა უნდა, განსხვავებებით, მაგრამ საერთო ინტერესებით და ხედვებით და სტრატეგიებით. ჩვენ ტრადიციულად კარგი ურთიერთობა გვაქვს საქართველოსთან, და ახლა აზერბაიჯანთან ვამყარებთ ურთიერთობებს, გვაქვს ორმხრივი ვაჭრობა და ვაპირებთ TRIPP-ის იმპლემენტაციას, რომელიც გააუმჯობესებს რეგიონულ ინფრასფრუქტურას და დაკავშირებადობას.
ეს პროცესი მოიტანს სრულიად ახალ გლობალურ როლს სამხრეთ კავკასიისთვის. ჩვენ გვჭირდება გლობალური მიწოდების ჯაჭვის კრიზისის მოგვარება. TRIPP-ის პროექტი; საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა, განსაკუთრებით ლოჯისტიკის სფეროში მოიტანს ახალ შესაძლებლობას გლობალური მიწოდების ჯაჭვის კრიზისის დაძლევაში“, – თქვა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ფაშინიანმა ასევე განცხადა, რომ შესაძლოა, სომხეთმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 2027 ან 2028 წელს შეიტანოს, თუმცა პრიორიტეტული არის ვიზალიბერალიზაცია, რომლის მიღებაც სომხეთს 2029 წლისთვის სურს.
Euronews-ის სამიტი უკვე მეორე წელია, თავს უყრის პოლიტიკურ ლიდერებს, ევროკავშირის წარმომადგენლებს, პოლიტიკის შემმუშავებლებს, დიპლომატებს, ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და ჟურნალისტებს, რათა განიხილონ ევროპისა და საერთაშორისო დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები.
წლევანდელი კონფერენციის თემა ევროპის მომავალი იყო და ის ძირითადად ევროკავშირის გაფართოების საკითხს დაეთმო. კონფერენციაში მონაწილეობა მიირეს ევროკავშირის კანდიდატი ან ასოცირებული ქვეყნების ლიდერები, ასევე იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებსაც სურთ ევროკავშირთან დაახლოება და სამომავლოდ გაწევრება. პანელურ ინტერვიუში მონაწილეობა მიიღო ირაკლი კობახიძემაც.
ფაშინიანის განცხადების შესახებ მან თქვა, რომ „ძალიან აფასებს მის მხარდაჭერას“.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთად დგომა. მისი ეს განცხადებები ძალიან ლოგიკურია – სომხეთის ევროპული გზა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საქართველოს პროგრესზე ევროკავშირს გზაზე“, – თქვა კობახიძემ.