რა უნდა ვიცოდეთ ბუსტერსა და ჩანაცვლებაზე | კითხვები ვაქცინაციის შესახებ

პუბლიკა

ნოემბრის ბოლოდან საქართველოში მოსახლეობის ნაწილს ე.წ. ბუსტერ დოზაზე რეგისტრაცია შეეძლება.

ბუსტერ დოზით აცრა სხვადასხვა ქვეყანაში უკვე დაიწყეს. მათ შორის, პირველი ისრაელი იყო, სადაც ბუსტერ დოზით აცრეს ხანდაზმულები და იმუნოკომპრემეტირებული ადამიანები, ანუ მოქალაქეები, რომელთა იმუნურ სისტემას დახმარება სჭირდება.

ბუსტერ დოზით ცრიან მოქალაქეთა ჯგუფებს არაბთა გაერთიანებულ საემიროებშიც, სადაც მოსახლეობის იმუნიზაციისთვის სხვა ვაქცინებს შორის გამოიყენეს სინოფარმიც, ისევე, როგორც საქართველოში.

საქართველოში კი ბუსტერი დოზის რეგისტრაციამდე ვაქცინების ე.წ. ჩანაცვლება დაიწყო, თუმცა იმუნოლოგები ამბობენ, რომ ჩანაცვლებას სხვა დანიშნულება აქვს და ურჩევენ მოსახლეობას, როგორც ბუსტერი, ისე არ გამოიყენონ. რა არის ბუსტერი და რით განსხვავდება ჩანაცვლებისგან, როდის და ვინ უნდა აიცრას დამატებით, კორონავირუსის წინააღმდეგ?

რა არის ბუსტერი და რატომ შეიძლება გაჩნდეს მისი საჭიროება

ე.წ. ბუსტერი ეწოდება ვაქცინის დამატებით დოზას, რომელიც ვაქცინაციიდან გარკვეული პერიოდის შემდგომ კეთდება, რათა შემცირებულ იმუნიტეტს დაეხმაროს.

ბუსტერი უნდა განვასხვავოთ მესამე დოზისგან, რადგან ადამიანთა მცირე ჯგუფს შესაძლოა, იმუნური პასუხი იმდენად მცირე ჰქონდეს, რომ ვაქცინაციისას ორის ნაცვლად სამი დოზა გაუკეთონ. ბუსტერი კი დასრულებული ვაქცინაციიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ კეთდება.

იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ დროთა განმავლობაში, ზოგადად, ვაქცინების ეფექტიანობა იკლებს, შესაბამისად, ბუსტერის საჭიროებაში განსაკუთრებული არაფერია.

„მუდმივი არაფერი არ არის. დიფტერია/ტეტანუსსაც კი ათ წელიწადში ერთხელ ბუსტერი სჭირდება, წითელას, წითურას, ყბაყურასაც და ასე შემდეგ. ეს არის იმუნოლოგიის ანი-ბანი.

რაც შეეხება კორონავირუსს, ამ ეტაპისთვის ჩანს, რომ გვიანი ასაკის ადამიანებში ვაქცინირებულებს შორის ავადობისა და გარდაცვალების უფრო მეტი რისკია. ასე რომ, ახალგაზრდებსა და საშუალო ასაკის ჯგუფებს, სავარაუდოდ, არ დასჭირდებათ. ბუსტერი დასჭირდებათ მხოლოდ ასაკოვან და იმუნოკომპრემიტირებულ ხალხს“, – ამბობს კულუმბეგოვი.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომელ ეტაპზე ან მოქალაქეთა რა ჯგუფებისთვის აცრიან სხვა ქვეყნები მოქალაქებს დამატებითი დოზით, საქართველო ეყრდნობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, ბუსტერი დოზასაც მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით გამოიყენებენ.

ვინ გაიკეთებს ბუსტერს?

საქართველოში ამ ეტაპზე ბუსტერით აცრას ფაიზერით, სინოფარმითა და სინოვაკით აცრილი მოქალაქეების ნაწილი შეძლებს, რომელთა მეორე დოზით ვაქცინაციიდან 6 თვე გავიდა.

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების მიხედვით, ბუსტერი დოზით აიცრებიან შემდეგი კატეგორიის მოქალაქეები:

  • 50 წლის და უფროსი ასაკის პირები;
  • ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში მცხოვრები 16 წელზე მეტი ასაკის პირები, მათი მომვლელები და დაწესებულებაში დასაქმებული პირები;
  • პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები და პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული ბრალდებული/მსჯავრდებული 16 წელზე მეტი ასაკის პირები;
  • სამედიცინო პერსონალი;
  • 16-დან 49 წლის ჩათვლით ასაკის პირები, ქრონიკული დაავადებებით.

იმუნოლოგი მაია ბუწაშვილი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ ის ქვეყნები, რომლებმაც ბუსტერის გამოყენება დაიწყეს, ჯერჯერობით, საყოველთაო აცრას არ მიმართავენ და გარკვეული ვარიაციებით, რისკჯგუფებსა და მხოლოდ გარკვეული კატეგორიის ხალხს ცრიან.

მაგალითად, აშშ-ის საკვებისა და წამლის სააგენტოს 28 სექტემბერს დამტკიცებული სქემა საქართველოს იდენტურია.

მაია ბუწაშვილის თქმით, შეიძლება იყვნენ მოქალაქეები, რომლებიც არ ხვდებიან ამ კატეგორიებში, მაგრამ ბუსტერის გაკეთების სურვილი აქვთ. თუკი საზოგადოების ნაწილი ვაქცინაციაზე ყოყმანობს, მოქალაქეთა მეორე ნაწილს ბუსტერის გაკეთებაც უნდა, რადგან ღელავს, აქვს თუ არა საკმარისი იმუნიტეტი.

თუმცა, ბუწაშვილი ამბობს, რომ მსოფლიოს არც ერთი ავტორიტეტული ორგანიზაცია არ მიუთითებს ყველა მოქალაქისთვის ბუსტერი დოზის საჭიროებაზე. შესაბამისად, ამისი აუცილებლობა, ჯერჯერობით, არ დგას.

„ამის გარეშე რატომ უნდა გავიკეთოთ? ჯერჯერობით, არ არის იმისი მტკიცებულებები, რომ ახალგაზრდებს სჭირდებათ ბუსტერი, თუ გაჩნდება მტკიცებულებები, რომ იმუნიტეტი ილევა ახალგაზრდებშიც, მერე გაჩნდება ამისი საჭიროებაც“, – დასძენს ბუწაშვილი.

რაც შეეხება ვაქცინებს, რომელთა იმუნიზაციის შემდეგაც გამოიყენება ბუსტერი დოზა, საქართველოში, ჯერჯერობით, ერთადერთი ვაქცინა, რომელზეც ბუსტერი არ ემატება,  „ასტრაზენეკაა“.

თუმცა ბიძინა კულუმბეგოვი დასძენს, რომ ბუსტერის გამოყენება „ასტრაზენეკაზე“ უკვე დაიწყეს დიდ ბრიტანეთში, ასე რომ, შესაძლოა, მოგვიანებით ეს საქართველოშიც მოხდეს.

„დროში ძალიან სწრაფად იცვლება და როგორც კი მონაცემები არის ხოლმე მსოფლიოს საერთაშორისო ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციებიდან  – FDA, EMA, WHO, აუცილებლად ჩვენც ვიღებთ ხოლმე ამას სარკისებურად“, – ამბობს კულუმბეგოვი.

შეიძლება თუ არა განსხვავებული ვაქცინები ბუსტერად?

საქართველოში ბუსტერის გაკეთებისას მოქალაქეებს განსხვავებული ვაქცინის არჩევა შეეძლებათ. მაგალითად, „ფაიზერით“ აცრილებმა შეიძლება რომელიმე ჩინური ვაქცინის ბუსტერი დოზა გაიკეთონ ან პირიქით.

მაია ბუწაშვილი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ ბუსტერი დოზისას სხვა ვაქცინის გამოყენების საწინააღმდეგოდ, ჯერჯერობით, არაფერი მიუთითებს.

„ბიოლოგიური მექანიზმის მიხედვით, არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს. მაინცდამაინც არ არის კვლევა ჩინურ ვაქცინებსა და „ფაიზერის“ კომბინაციაზე, თუმცა, კვლევა არის მაგალითად „ფაიზერსა“ და „მოდერნას“ შორის და არანაირი პრობლემა არ არის. ასე რომ, ლოგიკურად, არაფერი მექანიზმი არ იკვეთება, რაც პრობლემას შექმნიდა“, – ამბობს ბუწაშვილი.

საინტერესოა, რომ აშშ-ის საკვებისა და წამლის სააგენტოსთან არსებული ექსპერტთა საბჭოს რეკომენდაციით, მაგალითად, თუკი „ჯონსონ & ჯონსონით“ აცრილი მოქალაქეები ბუსტერად სხვა ვაქცინას – „მოდერნას“ აირჩევენ, ეს შესაძლოა მათთვის უკეთესიც იყოს.

როგორც „ნიუ-იორკ თაიმსი“ წერს, ამის მიზეზი ისაა, რომ, როგორც მოხალისეთა მცირე ჯგუფში ჩატარებული კვლევა აჩვენებს, ბუსტერად „მოდერნას“ დამატებამ ანტისხეულების დონე კიდევ უფრო აამაღლა.

მკვლევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო თავად „მოდერნას“ ვაქცინის რაოდენობაზე – სრული დოზა აერჩიათ თუ ნახევარი. აშშ-ში ბუსტერსა და მისთვის ამა თუ იმ ვაქცინის გამოყენებისას იმუნურ პასუხზე კვლევა გრძელდება.

ბიძინა კულუმბეგოვი დასძენს, რომ ინგლისში „ასტრაზენეკათი“ აცრილი მოქალაქეებისთვის ადგილობრივი ჯანდაცვის სპეციალისტები ბუსტერზე უპირატესობას „ფაიზერსა“ და „მოდერნას“ ანიჭებენ, ხოლო უნგრეთში ბუსტერისთვის ვაქცინებს შორის შეზღუდვას არ აწესებენ.

რა არის ჩანაცვლება და რატომ არის საჭირო?

ბუსტერი დოზისგან განსხვავებულია ვაქცინის ჩანაცვლება, რომელიც საქართველოში უკვე დაიწყო.

მთავარი განსხვავება ახალი ვაქცინის გაკეთების მიზნობრიობაშია. თუკი ბუსტერი იმუნიტეტის გაძლიერებისთვისაა განკუთვნილი, ვაქცინის ჩანაცვლების მიზანი რეგულაციებს უკავშირდება.

ვაქცინის ჩანაცვლება მაშინ ხდება, როცა მოქალაქეებს მოგზაურობა სჭირდებათ, ქვეყანა კი, სადაც მიემგზავრებიან, ამა თუ იმ ვაქცინას არ აღიარებს.

„არიან მოქალაქეები, ვისაც სამოგზაურო მიზნით სჭირდება აცრა და აქ საუბარია, რომ ეს პირები „ფაიზერით“ უნდა აიცრან, რადგან ჩინურ ვაქცინას ზოგიერთი ქვეყანა არ იღებს. ამისთვის, მინიმუმ, 28 დღე უნდა იყოს გასული ბოლო აცრიდან. ეს არის ჩანაცვლება“, – განმარტავს „პუბლიკასთან“ მაია ბუწაშვილი.

ჩანაცვლება ხდება კიდევ ერთ შემთხვევაში. ორსულები, რომლებიც რომელიმე სხვა ვაქცინის პირველი დოზით იყვნენ აცრილები, ქართული კანომდებლობის შესაბამისად, მეორე დოზისას „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრებიან.