რა რისკებს შეიცავს ფაშინიანის მიერ შიშის დათესვის ტაქტიკა სომხეთის არჩევნების წინ

პუბლიკა

ფაშინიანის მტკიცება, თითქოს ოპოზიცია აზერბაიჯანთან ახალ ომს ამზადებს, არადემოკრატიული და არაკონსტიტუციური ზომების გამართლების საფრთხეს შეიცავს.

ავტორი: ტიგრან გრიგორიანი

არჩევნებამდე ორი თვით ადრე სომხეთის მთავარმა პოლიტიკურმა ძალებმა ფაქტობრივად დაიწყეს საარჩევნო კამპანია. გამონაკლისი არც მმართველი პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულებაა“. მისი მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული მრავალი განცხადება და ნარატივი, სავარაუდოდ, უახლოეს კვირებში წინასაარჩევნო დისკურსში დომინანტური იქნება. ერთ-ერთი ასეთი საკვანძო ნარატივის მიხედვით – თუ მმართველი გუნდი ხელახლა არ იქნება არჩეული, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი დაიწყება, რომელიც სომხეთისთვის დამანგრეველი მარცხით დასრულდება.

19 მარტს ყოველკვირეულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიები, ფაქტობრივად, აზერბაიჯანთან ახალ ომს ამზადებენ:

„ეს პარტიები და წრეები ერთი მხრივ ამბობენ, რომ მშვიდობის წინააღმდეგნი არ არიან, მეორე მხრივ კი აცხადებენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში სამშვიდობო პროცესის გადახედვას დაიწყებენ. მინდა, პირდაპირ, ყოველგვარი შელამაზების გარეშე ვთქვა, რომ ეს ნიშნავს ომს, რაც სომხეთისთვის შესაძლოა არა მხოლოდ ტერიტორიული დანაკარგებით, არამედ სუვერენიტეტის დაკარგვითაც კი დასრულდეს“, – თქვა ნიკოლ ფაშინიანმა.

რამდენიმე დღის შემდეგ მან ეს რიტორიკა კიდევ უფრო გაამძაფრა, როცა აღნიშნა, რომ შესაძლოა, კატასტროფული ომი უკვე 2026 წლის სექტემბერში დაიწყოს, იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ მოიპოვებს. მალევე ფაშინიანმა ჩამოთვალა, კონკრეტულად ვის მიიჩნევს „ომის პარტიად“; ესენია: პრორუსი სომეხი ბიზნესმენის, სამველ კარაპეტიანის პარტია „ძლიერი სომხეთი“, ექსპრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის „სომხეთი ალიანსი“ და გაგიკ წარუკიანის პარტია „აყვავებული სომხეთი“.

ფაშინიანის არგუმენტები ეფუძნება იდეას, რომ შენიშვნები, რომლებსაც ეს აქტორები გამოთქვამენ მიმდინარე სამშვიდობო პროცესისა და აშშ-ის მიერ ინიციირებული „ტრამპის გზის“ შესახებ, გარდაუვალად გამოიწვევს აზერბაიჯანთან ახალ ომს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფაშინიანი ომის საფრთხეს საზოგადოებრივი აზრისა და ქცევის სამართავად იყენებს. 2024 წლის მარტში, როდესაც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ჩრდილოეთ მონაკვეთზე სადელიმიტაციო პროცესი დაიწყო, ფაშინიანი სოფელ ვოსკეპარის მცხოვრებლებს შეხვდა. შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ, თუ აზერბაიჯანს მის მიერ მოთხოვნილი ოთხი სოფელი არ გადაეცემოდა, კვირის ბოლომდე ომი დაიწყებოდა. მაშინ მრავალი სამთავრობო აქტორი იმეორებდა ამ ნარატივს და ამტკიცებდა, რომ დათმობებზე უარის თქმა ესკალაციასა და კიდევ უფრო დიდ ტერიტორიულ დანაკარგებს გამოიწვევდა.

ახლა, წინასაარჩევნოდ მსგავსი რიტორიკის ხელახალი გააქტიურება დიდი რისკების შემცველია.

პირველი რისკი სომხეთის შიდაპოლიტიკურ გარემოსა და დემოკრატიულ განვითარებას ეხება. გლობალურად პოპულიზმისა და „სპინ-დიქტატურების“ (თანამედროვე ავტორიტარული მმართველობის ფორმა, რომლის ძალაუფლებაც მანიპულაციას, პროპაგანდასა და ინფორმაციის კონტროლს ეფუძნება) ზრდის ფონზე, ასეთი რიტორიკა უნიკალური მოვლენა არ არის. საზოგადოებრივი შიშებით მანიპულირება ვიწრო პოლიტიკური სარგებლისთვის ფართოდ გავრცელებული ტაქტიკაა ავტოკრატებსა და პოტენციურ ავტოკრატებში. სომხეთისთვის ახლო და რელევანტური მაგალითია მეზობელი საქართველო, სადაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მსგავს ნარატივს შიშის დასათესად იყენებს და ოპოზიციას ე.წ. „გლობალური ომის პარტიის“ ნაწილად წარმოაჩენს.

ასეთი ნარატივები სახიფათოა, რადგან ისინი განზრახ ზრდის არჩევნების ფსონს და მმართველი პარტიის გამარჯვებას აუცილებლობად წარმოაჩენს. ფსონების ეს ზრდა შეიძლება გამოყენებულ იქნას არადემოკრატიული და არაკონსტიტუციური ზომების გასამართლებლად. როდესაც სასწორზე დევს არა მხოლოდ ხელისუფლების ცვლილება, არამედ ქვეყნის სუვერენიტეტი ან ტერიტორიული მთლიანობა, დემოკრატიული ნორმები ადვილად იგნორირდება.

მაგალითად, 1996 წელს რუსეთის პოლიტიკურმა და ოლიგარქიულმა ელიტამ უზრუნველყო უკიდურესად არაპოპულარული პრეზიდენტის, ბორის ელცინის ხელახალი არჩევა და მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიული პროცესებს ზიანი მიადგა, ეს გაამართლა იმ აუცილებლობით, რომ მაშინ თავიდან უნდა აეცილებინათ კომუნისტების დაბრუნება. ამან, საბოლოო ჯამში, ხელი შეუწყო რუსეთის ავტორიტარიზმისკენ შებრუნებას და ვლადიმერ პუტინის მსგავსი „ძლიერი ხელის“ მოსვლას.

სომხეთში ბოლო რამდენიმე წელია, მმართველი „სამოქალაქო ხელშეკრულება“ საკუთარ თავს წარმოაჩენს სუვერენიტეტის მცველად, ხოლო პოლიტიკურ ოპონენტებსა და კრიტიკოსებს – უცხოური ინტერესების მსახურებად და სახელმწიფოსთვის ძირის გამომთხრელებად. ამ პროცესში საკითხების ფართო სპექტრი „უსაფრთხოების კონტექსტში“ განიხილება. გასული წლის განმავლობაში, როდესაც მთავრობა სულ უფრო ხშირად იყენებდა სამართალდამცავ და სასამართლო სისტემას ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის, მაგალითად, სომხეთის სამოციქულო ეკლესიასთან დაპირისპირებისას, ის ამ ქმედებებს ამართლებდა იმით, რომ უნდა დაეცვათ სომხეთი გარე (განსაკუთრებით რუსეთის) ჩარევისგან.

ამ კონტექსტში, ფაშინიანის ბოლოდროინდელი განცხადებები, რომელიც იმაზე აქცენტირებს, რომ მმართველი პარტიის დამარცხების შემთხვევაში გარდაუვალია ომი, ზუსტად იმეორებს „სუვერენიტეტის ნარატივს“. მისი განცხადებები ასევე აფართოებს სივრცეს ანტიდემოკრატიული პრაქტიკის გასამართლებლად: თუ სასწორზე რეგიონული მშვიდობა დევს, მაშინ „დემოკრატიას შეუძლია, მოიცადოს“.

ამავდროულად, ფაშინიანის განცხადებები მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს თავად სამშვიდობო პროცესის ბუნებასთან დაკავშირებით. თვეების განმავლობაში ის ერთმნიშვნელოვნად ამტკიცებდა, რომ მშვიდობა ფაქტობრივად მიღწეულია და შეუქცევადია. სავარაუდოდ, ეს იქნება მმართველი პარტიის კამპანიის ცენტრალური გზავნილი, რომლითაც 2025 წლის აგვისტოს ვაშინგტონის სამიტის შემდგომ არსებული შედარებით სტაბილური მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია მათ ადრინდელ დაპირებასთან „მშვიდობის ეპოქის“ დადგომის შესახებ.

თუმცა, თუ ფაშინიანის ბოლოდროინდელ განცხადებებს პირდაპირი მნიშვნელობით მივიღებთ, მშვიდობა სულაც არ ჩანს გარანტირებული. პირიქით, ის დამოკიდებული ხდება კონკრეტულ საარჩევნო შედეგებზე: არა უბრალოდ მმართველი პარტიის გამარჯვებაზე, არამედ დამაჯერებელ გამარჯვებაზე, რომლითაც მას საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება. ასეთი უმრავლესობა მთავრობას საშუალებას მისცემს, პარლამენტში შეცვალოს საკონსტიტუციო რეფერენდუმებთან დაკავშირებული ბარიერები, რითაც ხელს შეუწყობს აზერბაიჯანის მოთხოვნების შესაბამისი ახალი კონსტიტუციის მიღებას და სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას.

ეს რიტორიკა პრობლემურია იმითაც, რომ მან შესაძლოა, უნებლიეთ მოახდინოს აზერბაიჯანის პოტენციურად დესტრუქციული ქმედებების ლეგიტიმაცია და პასუხისმგებლობა სომხურ მხარეს დააკისროს. მაგალითად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. მას შესაძლოა, გაუჭირდეს ახალი კონსტიტუციის მიღებაზე საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოპოვებაც. ასეთ სცენარში ბაქომ შეიძლება გამოიყენოს თავად ფაშინიანის განცხადებები სამშვიდობო პროცესის შეფერხების გასამართლებლად და „არც მშვიდობა, არც ომის“ სტატუსკვოს გასახანგრძლივებლად. უფრო პესიმისტურად თუ ვიმსჯელებთ, მან შესაძლოა სამხედრო დაძაბულობაც კი გაზარდოს და პასუხისმგებლობა სომხეთს დააკისროს.

მთლიანობაში, ფაშინიანის მიერ საზოგადოებრივი შიშების გამოყენება ვიწრო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად არ არის უნიკალური შემთხვევა, თუმცა ღრმად პრობლემურია. ის აძლიერებს პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოს, რომელიც წლებია, სომხეთში დომინირებს და ქვეყნის მომავალ განვითარების შესახებ არსებითი დებატებიდან ყურადღება გადააქვს. ის საარჩევნო კონკურენციას პოლიტიკური შანტაჟის ფორმად აქცევს და ძირს უთხრის დემოკრატიული პროცესის მთლიანობას. უფრო მეტიც, მშვიდობის პერსპექტივის მხოლოდ ერთ პოლიტიკურ პარტიასთან და ფაქტობრივად, ერთ პიროვნებასთან დაკავშირება მყიფესა და არამდგრადს ხდის მთელ სამშვიდობო დღის წესრიგს.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.