ლელა გვიშიანი – ადამიანის უფლებების იურისტი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ეტაპზე აწყდებიან ბარიერებს, რომლებიც ხელს უშლის მათ საზოგადოებრივ ინტეგრაციასა და განვითარებაში. დასაქმების სფერო გამონაკლისს არ წარმოადგენს – განათლების ყველა საფეხურზე წინააღმდეგობებით სავსე გზის გავლის შემდგომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ახალი ბრძოლა შრომის ბაზარზე იწყება, პიროვნული განვითარების, ღირსეული დასაქმებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ გზით მონაწილეობისათვის. დისკრიმინაცია, არაადაპტირებული სამუშაო გარემო და პირობები, სტიგმა და სტერეოტიპები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დაბრკოლებათა მხოლოდ ნაწილია, რომელსაც ისინი დასაქმებამდე ან სამუშაოზე აყვანის შემდგომ აწყდებიან.
ის ფაქტი, რომ საქართველოში დასაქმების შეზღუდული რესურსი განსაკუთრებულ დაბრკოლებებს სწორედ შრომითი ბაზრისათვის არასტანდარტული დასაქმებულებისათვის ქმნის, სიახლეს არ წარმოადგენს, თუმცა შრომის ბაზარი განსაკუთრებით სასტიკია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ნებისმიერი განსხვავების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯგუფი არაერთგვაროვანია, ჩვენ მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ ეს ჯგუფი განსაკუთრებით ხშირად აწყდება დისკრიმინაციას წინასახელშეკრულებო თუ შრომით ურთიერთობებში. დასაქმების ბაზრის ლოგიკა ხშირად გადაარჩევს სამუშაო ძალას და დასაქმების შესაძლებლობასაც ე.წ. „ჯანმრთელ“ ადამიანებს აძლევს, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სახელმწიფოს სერვისებში ამისამართებს.
მართლაც, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დისკრიმინაციისა და საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყვის მრავალწლიანი ისტორია აქვს და მიუხედავად ბრძოლის გამოცდილებისა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ხშირად კვლავ ქველმოქმედების სუბიექტებად არიან აღქმულნი. განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები, რომელთაც დამატებით ექმნებათ დაბრკოლებები სქესის გამო.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანასწორი გარემო და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციით“ და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობით არის შექმნილი, თუმცა შრომის კოდექსი ითვალისწინებს გონივრული მისადაგების, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვან და ქმედით ბერკეტს.
რა არის გონივრული მისადაგება და რა ვალდებულებებს წარმოშობს დამსაქმებლისათვის?
გონივრული მისადაგების კონცეფცია თავდაპირველად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების საპასუხოდ არ გაჩენილა, თუმცა, დღესდღეობით, ის დისკრიმინაციისა და საზოგადოებაში შშმ პირთა მიმართ მყარად ფესვგადგმული სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ ეფექტიან მექანიზმად მიიჩნევა. გაეროს კონვენციით, გონივრული მისადაგება ნიშნავს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში აუცილებელი და შესაბამისი მოდიფიკაციებისა და ცვლილებების განხორციელებას, რაც არ იწვევს დაუძლეველ და გაუმართლებელ სირთულეებს.
შრომის კოდექსით, გონივრულ მისადაგებაზე უარი დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმას წარმოადგენს. კოდექსის ბოლო ცვლილებებით განისაზღვრა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საჭიროების შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია, გაატაროს სათანადო ღონისძიებები იმისათვის, რომ მას ჰქონდეს დასაქმების, პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლის თანაბარი შესაძლებლობა. დამსაქმებელი ამ ვალდებულებისგან თავისუფალია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ღონისძიება დამსაქმებელს არაპროპორციულ ტვირთს აკისრებს.
გონივრული მისადაგება წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზების საშუალებას და მისი ეფექტიანობა იმითაც განისაზღვრება, რომ ვალდებულებას მყისიერი ხასიათი აქვს – უფლების დაცვა და საამისოდ შესაბამისი ღონისძიებების გატარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის დაუყოვნებლივ არის საჭირო. ამ კონცეფციის მთავარი არსი ისაა, რომ ის მორგებულია თითოეული, ინდივიდუალური ადამიანის საჭიროებებს და ცდილობს მის წინა პლანზე წამოწევას. მისი დანიშნულება არსებული ბარიერების მოშლა ან მინიმუმამდე შემცირებაა. გონივრული მისადაგება უმნიშვნელოვანესი მექანიზმია საიმისოდ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა სხვებთან თანასწორად შეძლონ, მიიღონ და შეინარჩუნონ სამუშაო, ჰქონდეთ შემოსავალი და დასაქმებულთა პოზიციებიდან იბრძოლონ ქვეყანაში შრომითი გარემოს გაუმჯობესებისა და დასაქმებულთა უფლებებისათვის.
გონივრული მისადაგების ვალდებულება, როგორც ანტიდისკრიმინაციული მექანიზმი, წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გათანაბრების მექანიზმს დასაქმების ეტაპზე. გონივრული მისადაგება ეფექტიანია, რამდენადაც აქ და ახლა თითოეული პირისთვის ქმნის სამართლის აღსრულების მყისიერ შესაძლებლობას. გონივრული მისადაგების დროს განისაზღვრება ინდივიდუალური და კონკრეტული სახის მექანიზმები, რომლებიც წარმოადგენს პასუხს გარემოს/სამუშაო პირობების მოდიფიცირების საჭიროების შესახებ. გონივრული მისადაგება ინდივიდუალური შრომითი პირობების განსაზღვრისას შესაძლოა გამოიხატებოდეს სამუშაო გარემოს, ფიზიკური შენობის მოდიფიცირების, სამუშაოს განაწილების ან სხვა პირობების დადგენის პროცესში. გონივრული მისადაგება არა მიზანი, არამედ საშუალებაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საზოგადოებაში თანაბარი შესაძლებლობებისთვის.
გონივრული მისადაგების პრინციპის აღსრულებისაგან დამსაქმებელი თავისუფლდება საგამონაკლისო შემთხვევებში, როცა ღონისძიებების განხორციელება დაუძლეველი სირთულით არის განპირობებული – ეს შეიძლება იყოს რესურსების ხელმისაწვდომობის ნაკლებობა, მისადაგების ხარჯი, დამსაქმებლისათვის ამგვარი ფინანსური შესაძლებლობის ფაქტი და სხვა. მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, მათ შორის, სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამების არსებობა – საქართველოს შრომის კოდექსი გამორიცხავს დამსაქმებლისაგან ამ ვალდებულების შესრულებაზე უარის კანონიერად თქმის შესაძლებლობას, თუ ქვეყანაში მოქმედებს ამ ღონისძიებასთან დაკავშირებული სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები, შეღავათები ან/და სხვა საშუალებები. მნიშვნელოვანია, რომ კანონით, გონივრული მისადაგების თქმაზე უარი დარღვევაა და შესაბამის სანქციაა გათვალისწინებული.
განახლებული შრომის კოდექსის შესახებ საზოგადოების უკეთ ინფორმირების მიზნით კამპანია „შრომის ლექსიკონის“ ფარგლებში, „პროგრესული ფორუმი“, გამოცემა „პუბლიკა“ და platforma.ge მკითხველს ბლოგების სერიას სთავაზობთ.
კამპანიის მიზანია განახლებული შრომის კოდექსის შესახებ ინფორმაციის გავრცელება; დასაქმებულთა და დამსაქმებელთათვის შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს ავტორის პოზიციას და შესაძლოა, არ ასახავდეს ორგანიზატორთა შეხედულებებს.