შუშა

პუბლიკა

ზაზა ბურჭულაძე

რამდენიმე საათში ოსკარის სტატუეტს, სავარაუდოდ, ედრიენ ბროუდის გადასცემენ „ბრუტალისტში“ შესრულებული მამაკაცის მთავარი როლისთვის. არადა, მიზეზთა გამო, ამ სტატუეტს მისი კონკურენტი, სებასტიან სტენს უფრო იმსახურებს, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, ახალგაზრდა დონალდ ტრამპს განასახიერებს ალი აბასის ფილმში „მოწაფე“ (The Apprentice).

სტენს ეგებ ცოტა დამაჯერებლობა აკლია, მაგრამ მთელი მარილიც ესაა. ან როგორ უნდა ითამაშო დამაჯერებლად ის, ვისაც თავად აკლია დამაჯერებლობა? ან ვინ იტყვის, დღესდღეობით რა უფრო დამაჯერებელია, რეალობა თუ კინო?

ეგებ ფილმში სებასტიან სტენზე უკეთ ჯერემი სტრონგი თამაშობს, თუმცა ხვალ ორივე მსახიობი უოსკაროდ დარჩება. მამაკაცის მთავარი როლისთვის ბროუდის, მეორეხარისხოვნისთვის კი კირან კალკინს დააჯილდოებენ. ძნელი სათქმელი კია, ვის უნდა ეთამაშა სტრონგზე უკეთ დონალდ ტრამპის მოძღვრის როლი.

ეს ის ჯერემი სტრონგია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია დიადი სერიალიდან „მემკვიდრეობა“ (Succession). მთავარი მემკვიდრე, რომელიც მემკვიდრეობის გარეშე დარჩება. ისევე როგორც ხვალინდელ ცერემონიაზე დარჩება თვითონ ჯერემი სტრონგი უოსკაროდ.

სტრონგი ასახიერებს როი კონს, ამერიკელ პოლიტიკოსსა და კონსერვატორ იურისტს, რომელიც თავის დროზე ცნობილი გახდა სენატორ მაკარტის ანტიკომუნისტური და ანტიჰომოსექსუალურიჯადოქრებზე ნადირობით“, ასევე როგორც ბრალდების მხარე როზენბერგების საქმეში. ფილმის ერთ ეპიზოდში ტრამპი ესტუმრება კონს, რომლის სახლშიც ჰომოსექსუალური ორგიაა, მაგრამ ამერიკის მომავალი პრეზიდენტი არაფერს შეიმჩნევს. 

ალი აბასი კარგი რეჟისორია. მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი იყო საშინელებათა „შელი“ (Shelley), მეორე – მისტიკური „საზღვარი“ (Border) და მესამე – რეალურ ამბავზე დაფუძნებული „წმიდა ობობა“ (Holy Spider), რომელიც ირანელი სერიული მკვლელის, საიდ ჰანაის ამბავს ჰყვება, რომელმაც 16 ქალი იმსხვერპლა.

„მოწაფე“, რომელიც ოსკარებზე დიდი ალბათობით ჩაფლავდება (სავსებით დაუმსახურებლად), აბასის ყველაზე დამიწებული ფილმია, ასე ვთქვათ, „პონტების გარეშე“. განსაკუთრებით მის წინა ფილმებთან შედარებით იმდენად სადა რამეა, კინოხრიკების გარეშე, გეგონება, მხატვრულ ნაწარმოებს კი არა, რაღაც შინაურ ვიდეო-არქივს უყურებ.

ალი აბასი პერსონაჟების რეჟისორია. ეგებ „მოწაფე“ ახალს არაფერს გვიყვება დონალდ ტრამპზე, მაგრამ ნამდვილად გვიყვება ორიგინალურად. ესაა ფილმი, სადაც ერთი პატარა დეტალი უფრო მეტს ამბობს პერსონაჟზე, ვიდრე მთელი ფილმი.

ფილმის ფინალში დონალდ ტრამპი თავის მოძღვარს, როი კონს პერანგის საკინძებს ჩუქნის, ბრილიანტის თვლებით. ეს უბრალო საკინძები როდია, ზედ დიდი ასოებით აწერიათ TRUMP. როგორია, სიკვდილის პირას მყოფს (კონს შიდსი აქვს), ვინც გამოგჭედა და შეგქმნა, ნივთს რომ ჩუქნი ზედ შენი სახელით? მაგრამ ესეც კი არ არის აქ მთავარი. მთავარია, რომ ბრილიანტები სინამდვილეში შუშის ნატეხები აღმოჩნდება. ესაა ტრამპი – შუშა, რომელიც ბრილიანტად ასაღებს თავს.