22 ოქტომბერს თხუთმეტამდე პედაგოგი განათლების კომიტეტის ხელმძღვანელთან შეხვედრის მოთხოვნით პარლამენტთან მივიდა და აქცია გამართა. შეკრებილები მოითხოვდნენ, მოქმედ რეგულაციაში ცვლილებები შესულიყო და მათ სკოლაში სწავლების გაგრძელების შესაძლებლობა მისცემოდათ.
აქციაზე პრაქტიკოსი პედაგოგის სტატუსის მქონე პირები იდგნენ.
მოქმედი რეგულაციით, პრაქტიკოსმა პედაგოგებმა, რომლებმაც ვერ ჩააბარეს გამოცდები, შესაბამისად ვერ შეძლეს სტატუსის ამაღლება, სკოლაში საქმიანობის გაგრძელების უფლება მხოლოდ მიმდინარე სემესტრის ბოლომდე მიეცათ.
პრაქტიკოსი პედაგოგის სტატუსი ქართულ კანონმდებლობაში რამდენიმე წელია დამკვიდრდა. მასში მოიაზრება მასწავლებელი რომელიც მუშაობს სკოლაში და ჯერ არ აქვს ჩაბარებული საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდები.
პრაქტიკოს პედაგოგებს სახელმწიფომ რამდენიმეწლიანი ვადა მისცა. ამ ვადაში პედაგოგებს უნდა დაედასტურებინათ თავიანთი ცოდნა – ჩაებარებინათ პროფესიული და საგნობრივი გამოცდები. გამოცდების ჩაბარება ერთ-ერთი აუცილებელი პირობა იყო იმისათვის, რომ სტატუსი აემაღლებინათ და გამხდარიყვნენ უფროსი პედაგოგები.
ნინო ხუბუა ამბობს, რომ ის 30-წლიანი გამოცდილების პედაგოგია, ჩაბარებული აქვს უნარების გამოცდა, მაგრამ სამი წელია აბარებს საგნის გამოცდას და მუდამ – 17 ქულა უფიქსირდება, რაც საკმარისი არაა – მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადასალახად.
ნინო ხუბუა ზუგდიდიდანაა, ინჯირის მეორე საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის მასწავლებელია.
„25 კრედიტქულა მაქვს ტრენინგებიდან, 2 გაკვეთილი სამინისტროს მიერ დამტკიცებული, უნარების გამოცდა ჩაბარებული, გავლილი მაქვს ახალი სკოლის მოდული, სამი წელია ვაბარებ საგნის გამოცდას, კომპლექსურია – მათემატიკა, ბუნება და ქართული. სამი წელია ერთი და იგივე ქულა მიფიქსირდება, 17 ქულა. მაკლდება 3 ქულა. განათლების სამინისტროს მივმართავ, როგორც გამოცდილი პედაგოგი, რომელიც 30 წელია სკოლაში ასწავლის. ვთხოვ, რაღაც გამოინახოს ჩემნაირი პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის, რომელსაც აქვს უდიდესი გამოცდილება ამ დარგში. გამოინახოს რამე, რომ ეს სამი კრედიტი მე დავფარო, ისევ ჩემი სწავლით ან ტრენინგით ან გადამზადებით, ან რამე სხვა გზით“, – უთხრა ნინო ხუბუამ „პუბლიკას“.
ნინო ხუბუას მსგავსად, აქციაზე შეკრებული პედაგოგები განმარტავდნენ, რომ ისინი წლებია, სკოლაში არიან დასაქმებული, მათ საკმარისი ცოდნა და გამოცდილება აქვთ. უმეტესობა მათგანს ჩაბარებული აქვს ერთი გამოცდა მაინც, ტრენინგების მეშვეობით დაგროვილი აქვთ კრედიტქულები. ამიტომ ფიქრობენ, რომ უსამართლობაა საგნის გამოცდაზე მიღებული არასაკმარისი ქულების გამო საქმიანობის გაგრძელების უფლება არ მიეცეთ და სკოლა დატოვონ.
სულ რამდენი პრაქტიკოსი მასწავლებელი გვყავს სისტემაში
საერთო ჯამში, დღევანდელი მდგომარეობით, სკოლებში ასწავლის 7231 პრაქტიკოსი სტატუსის მქონე მასწავლებელი, 36 610 უფროსი, 7889 წამყვანი და 278 მენტორი.
2021 წლის ზაფხულში პრაქტიკოსებს როგორც საგნობრივი, ისე პროფესიული უნარების გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ჰქონდათ. მათმა ნაწილმა საგნის, ნაწილმა კი პროფესიული უნარების გამოცდაზე კომპეტენცია დაადასტურა. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ეს საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ უფროსი პედაგოგის სტატუსის მისაღებად საკმარისი კრედიტქულები დაეგროვებინათ. შესაბამისად, დღეს სისტემაში კვლავ რჩება 7 ათასზე მეტი პრაქტიკოსი პედაგოგი.
თუკი უფრო დეტალურად განვიხილავთ ამ სტატისტიკას, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის ზაფხულში ჩატარებული საგნობრივი კომპეტენციის გამოცდაზე მონაწილეობა მიიღო 5 340-მა პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებელმა, რომელთაგან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა – 2 889 პედაგოგმა.
პროფესიული უნარის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე გავიდა 4137 პრაქტიკოსი მასწავლებელი. ამათგან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა 2 365-მა პედაგოგმა.
პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პედაგოგებიდან არცერთი გამოცდა არ ჩაუბარებია (არ დაუდასტურებია არც საგნობრივი და არც პროფესიული კომპეტენცია) 2703 -ს.
პრაქტიკოსი სტატუსის მქონე პედაგოგებიდან საგნის გამოცდა ჩაბარებული აქვს 3141-ს, ხოლო უნარების გამოცდა ჩაბარებული აქვს 2842-ს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარება – როდის დაიწყო ცვლილებები
2015 წლის 20 თებერვალს საქართველოს მთავრობამ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა დაამტკიცა. სქემის ფარგლებში მასწავლებლები დაიყვნენ კატეგორიების მიხედვით, განისაზღვრა პედაგოგის 4 სტატუსი – პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი. სქემამ განსაზღვრა – ამ სტატუსების შენარჩუნებისა და კარიერული წინსვლისთვის შემდეგ საფეხურზე გადასვლის გზები.
პრაქტიკოსები იყვნენ ის პედაგოგები, რომლებსაც საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია გამოცდით არ ჰქონდათ დადასტურებული.
იმისათვის, რომ პრაქტიკოსი მასწავლებელი სქემაში მომდევნო საფეხურზე გადასულიყო, ერთ-ერთი აუცილებელი პირობა იყო საგნისა და პროფესიული კომპეტენციის გამოცდით დადასტურება, რისთვისაც მათ სქემის პირველი ვერსიის თანახმად საერთო ჯამში მაქსიმუმ 4-წლიანი ვადა მიეცათ.
თუმცა, მომდევნო წლებში სქემა რამდენჯერმე შეიცვალა, როგორც ვადების, ასევე შესასრულებელი აქტივობების თვალსაზრისით.
მიუხედავად განათლების სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაცხადებული მიზნისა, რომ სკოლაში მხოლოდ ის პედაგოგები უნდა დარჩენილიყვნენ, რომლებსაც საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია გამოცდით ჰქონდათ დადასტურებული, ამ მიზნის აღსრულება არაერთხელ გადავადდა. რაც, დარგის სპეციალისტების შეფასებით, პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევს უფრო ჰგავდა, მაგალითად, წინასაარჩევნოდ ათეულობით ათასობით პედაგოგთა ელექტორატის განაწყენების შიშს, ვიდრე მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას.
2019 წელს ითქვა, რომ არსებული ფორმით სქემამ „თავი ამოწურა“ და შეიქმნებოდა ახალი დოკუმენტი, რომელიც მასწავლებლის საქმიანობას არსებული გამოცდილებისა და გამოწვევების გათვალისწინებით დაარეგულირებდა.
ახალი დოკუმენტი, „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი“ მხოლოდ სამი სტატუსის მქონე პედაგოგს მოიაზრებს – უფროსი, წამყვანი, მენტორი და მათ კარიერულ წინსვლას/პროფესიულ განვითარებას არეგულირებს.
შესაბამისად, სისტემაში აღარ უნდა ყოფილიყვნენ პირველი საფეხურის, პრაქტიკოსი სტატუსის მქონე პედაგოგები – მასწავლებლები, რომლებსაც კომპეტენცია არ აქვთ დადასტურებული.
საერთო ჯამში, წლების განმავლობაში პრაქტიკოს პედაგოგებს საშუალება ჰქონდათ, სქემაში დაწინაურებულიყვნენ კომპეტენციების დასადასტურებელი გამოცდების ჩაბარებისა და სავალდებულო/დამატებითი აქტივობების შესრულების გზით. თუმცა დღევანდელ ზაგადსაგანმანათლებლო სისტემაში ჯერ კიდევ რჩება 7 ათასზე მეტი პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პედაგოგი, რომლებიც მომდევნო საფეხურზე ვერ გადავიდნენ.
რა გზებით ჰქონდათ პრაქტიკოს მასწავლებლებს სტატუსის შეცვლის შესაძლებლობა 2015 წლიდან დღემდე
2015 წელს, პირველადი გადანაწილებით, სისტემაში იყო 45 354 პრაქტიკოსი მასწავლებელი. უფროსი მასწავლებლის სტატუსი – 15 236-მა, ხოლო წამყვანი მასწავლებლის – 151-მა დაადასტურა.
თავდაპირველად, 2015 წლის 20 თებერვლის დადგენილების მიხედვით, პრაქტიკოს მასწავლებლებს განესაზღვრათ მაქსიმუმ ოთხწლიანი (3 წელი + 1 პილოტირების წელი) ვადა შემდგომი სტატუსის მოსაპოვებლად. სტატუსის მოსაპოვებლად, სხვა აქტივობებთან ერთად, ჰქონდათ ვალდებულება, ჩაებარებინათ საგნის გამოცდა, სადაც უნდა გადაელახათ 60%-იანი ზღვარი.
2017 წელს საგამოცდო ბარიერმა დაიწია, ცვლილება შევიდა სქემაში და მთავრობის დადგენილებით შეიცვალა სტატუსის მინიჭების გზები. კერძოდ, მასწავლებლებს მიეცათ საშუალება, ნაწილობრივ დაედასტურებინათ საგნობრივი და პროფესიული უნარების კომპეტენცია 1, 4, 7 ან 10 კრედიტქულაზე.
უფრო კონკრეტულად ეს ნიშნავდა იმას, რომ მასწავლებელს კომპეტენცია დადასტურებულად ეთვლებოდა, თუ ტესტური დავალების მაქსიმალური ქულის 30%-ს მაინც გადალახავდა და საჭირო 19 კრედიტქულას სხვა აქტივობებით შეივსებდა. აქტივობები ფასდებოდა სკოლის შეფასების ჯგუფის მიერ და პედაგოგებს შესაბამისი კრედიტქულები ენიჭებოდათ.
2019 წელს პრაქტიკოს მასწავლებელთა მაქსიმალური ხელშეწყობის მოტივით, მასწავლებლის საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების გამოცდა 2-ჯერ – ზაფხულსა და შემოდგომაზე ჩატარდა (წინა წლებში ტარდებოდა ერთხელ). ასევე, 2-2-ჯერ მიეცათ მათ შესაძლებლობა, აეტვირთათ და გამოექვეყნებინათ სკოლის ბაზაზე განხორციელებული აქტივობები, ხოლო სკოლის შეფასების ჯგუფებს ჰქონდათ საშუალება, მიენიჭებინათ კრედიტქულები და წარედგინათ წინადადება კონკრეტული მასწავლებლისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ.
2020 წელს კვლავ განხორციელდა ცვლილება მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში, რომლის მიხედვითაც, იმ მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 30 იანვრის მდგომარეობით იყვნენ პრაქტიკოსი მასწავლებლები და 2020 წლის 30 აპრილამდე დარეგისტრირდნენ გამოცდაზე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დასადასტურებლად, მიეცათ შესაძლებლობა, კვლავ ნაწილობრივ დაედასტურებინათ კომპეტენცია (1, 4, 7, 10 კრედიტზე), დაიშვა პრეცედენტი, შეენარჩუნებინათ წინა წლებში მიღებული გამოცდის უკეთესი შედეგები და 5-კრედიტიანი ტრენინგის წარმატებით გავლის გზით შეევსოთ 19 კრედიტქულა და შეეცვალათ სტატუსი.
მასწავლებლის სახლის განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ 2021 წლის ზაფხულში მასწავლებლის საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდები ჩატარდა პანდემიურ გარემოში, რამაც გაახანგრძლივა გამოცდის პერიოდი და საბოლოო შედეგების გამოცხადება, მთავრობის დადგენილებაში კვლავ შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, იმ მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 30 იანვრის მდგომარეობით იყვნენ პრაქტიკოსი მასწავლებლები, დარეგისტრირებულნი იყვნენ გამოცდაზე და ზემოაღნიშნული გზით ვერ შეძლეს 19 კრედიტქულის მოპოვება, შეუწყდათ სტატუსი, თუმცა საშუალება მიეცათ, საქმიანობა 2021-2022 სასწავლო წლის პირველი სემესტრის ბოლომდე გაეგრძელებინათ.