მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი და პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი Facebook-ზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ ბრიფინგს ეხმაურება.
„ყველა სიტყვას მოვაწერდი ხელს, რაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა გუშინდელ ბრიფინგზე! ბრავო! ცოტაც და ყველა საძაგელ სიტყვას უკან წავიღებ და ყველა სიტყვაზე ბოდიშს მოვიხდი, რაც წლების მანძილზე მასზე მითქვამს. ქართული პოლიტიკური ზიზღის პინგპონგის ფონზე ერთადერთი სახელმწიფოებრივად მოაზროვნეა ჯერჯერობით!“, — წერს ელისაშვილი.
გუშინ საღამოს, პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და რამდენიმე საკითხზე ისაუბრა. ზურაბიშვილმა, პირველ რიგში, პანდემიის გამო შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და ხელისუფლებას მკაცრი ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდა — „სავალდებულო აცრა რისკჯგუფებისთვის, კოვიდპასპორტის შემოტანა საჯარო სივრცეებში შესვლისთვის და თუნდაც ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის“.
ის ასევე შეეხო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევის საკითხს და განაცხადა, რომ „ორი ახალი წევრის არჩევა წარმოადგენს ამ ფორმით და ამ დროს გაუგებარ ნაბიჯს“.
ამავე ბრიფინგზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი პოზიცია მესამე პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია. „არა და არასოდეს“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.