„ბოლო სამი დღის განმავლობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე მეორედ გაავრცელა უკიდურესად პრობლემური განცხადება. ეს განცხადებები აზიანებს გამოხატვის თავისუფლებას და ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ სუს-ის მიზანია მოქალაქეთა დაშინება და ოპოზიციის მანიფესტაციის მონაწილეთა რიცხვის შემცირება“, – განცხადებას IDFI ავრცელებს.
6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბრიფინგი გამართა და გაავრცელა ინფორმაცია, რომ დღეს დაგეგმილი აქციების ორგანიზატორები აპირებენ სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებას, სახელმწიფო დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლას და ერთერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერის ლიკვიდაციას. სუს-ის განმარტებით, აღნიშნულს საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკნიდან აორგანიზებს და მისთვის ეს ფაქტები ოპერატიული ინფორმაციის საშუალებით გახდა ცნობილი.
ორგანიზაციის განცხადებით, სუს-მა მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს, როდესაც საზოგადოებას ირიბად ეუბნება, რომ ოპოზიციურ აქციაზე წასვლის შემთხვევაში, ისინი შესაძლოა, გახდნენ დანაშაულის ხელშემწყობი პირები.
„ინფორმაციის ნაწილი, რომელშიც სუს-ი რისკებს ხედავ საერთოდ არ წარმოადგენს კანონდარღვევას, ნაწილზე რეაგირება კი არ არის სუს-ის კომპეტენცია. უკიდურესად პრობლემურია ის გარემოება, რომ, როგორც სუს-ის ბრიფინგიდან ირკვევა, უწყების მიერ გავრცელებული განცხადების საფუძველი მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციაა“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
სუს-ის 3 ნოემბრის განცხადების თანახმად, „ბოლო დროს, სოციალურ ქსელებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სხვადასხვა პირის მიერ ვრცელდება დანაშაულის ნიშნების შემცველი შინაარსის საჯარო განცხადებები და მოქალაქეები განზრახ თუ გაუცნობიერებლად პირდაპირ მოუწოდებენ თანამოაზრეებს რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ, მათ შორის ძალადობრივი გზებით“.
მათი თქმით, განცხადება არ შეიცავდა მტკიცებულებებს, რომელიც სუს-ის განცხადების საფუძვლიანობის სრულყოფილად შეფასების შესაძლებელს გახდიდა.
როგორც განხცადებაშია აღნიშნული, აზრის გამოხატვა ისევე, როგორც მანიფესტაციებში მონაწილეობა საქართველოს კონსტიტუციით დაცული უფლებაა.
„ამ უფლების შეზღუდვა შესაძლებელია, თუმცა, როდესაც სუს-ი აზრის გამოხატვის ფორმას/შინაარსს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად აფასებს, მან დამაჯერებელი არგუმენტებით უნდა დაასაბუთოს მის მიერ საჯაროდ გავრცელებული ბრალდებები და მათი რეალურობა“, – წერია განხცადებაში.
IDFI აღნიშნავს, რომ სუს-მა უნდა იმოქმედოს მაღალი ინსტიტუციური პასუხისმგებლობით და, სათანადო საფუძვლის გარეშე, თავი შეიკავოს ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელმაც მოსახლეობაში შეიძლება გამოიწვიოს შიში.
„საპირისპიროდ, სუს-ის განცხადებებში მოყვანილი ფაქტები, ისევე როგორც სამართლებრივი შეფასებები ბადებს არაერთ კითხვას. სუს-ი ვერ ასაბუთებს, მის მიერ დასახელებული საფრთხეების ვერც რეალურობას ვერც მყისიერებას. ამ ფონზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მისი ერთადერთი მიზანია მოქალაქეთა დაშინება და ფონის შექმნა სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოთა მიერ რეპრესიული ზომების გასაძლიერებლად“, – წერია განცხადებაში.