თეა წულუკიანმა ნანუკა ჟორჟოლიანს დავა უზენაეს სასამართლოშიც მოუგო. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ნანუკა ჟორჟოლიანმა გაავრცელა.
სარჩელი ეხებოდა ჟორჟოლიანის მიერ 2025 წლის 12 აპრილს Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს, რომელშიც ტელეწამყვანი წერდა, რომ წულუკიანის მამამ, მოსამართლე ავთანდილ წულუკიანმა კონკრეტულ ადამიანებს დახვრეტა მიუსაჯა. ჟორჟოლიანს სია ჰქონდა გამოქვეყნებული.
თეა წულუკიანი სასამართლოში მოითხოვდა, ცილისწამებად მიჩნეულიყო ჟორჟოლიანის პოსტიდან შემდეგი ფრაზა: „წულუკიანის მამამ დახვრიტა შემდეგი ადამიანები (ჩამონათვალი წარმოდგენილია დაზუსტებულ სარჩელში)“.
წულუკიანი ასევე მოითხოვდა, ცილისწამებად ცნობილიყო შემდეგი ფრაზა იმავე პოსტიდან: „ეს იყო გარდამავალი დრო, როცა სიკვდილით დასჯა უქმდებოდა და მოსამართლე წულუკიანს შეეძლო სხვა უმაღლესი სასჯელის გამოყენება“.
თავის მხრივ, ნანუკა ჟორჟოლიანის დაცვის მხარე მიუთითებდა, რომ ინფორმაცია საჯარო წყაროებიდან ჰქონდა მოპოვებული და მისი პოსტი გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში ექცეოდა. იგივე გაიმეორა ნანუკა ჟორჟოლიანმა დღეს, 13 ოქტომბერს გავრცელებულ ვიდეოში. მან დაიცვა თავისი 2025 წლის პოსტი.
მისივე თქმით, აპირებს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივროს.