„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“ ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივისთვის ცეცხლის წაკიდების საქმეს აანალიზებს და აცხადებს, რომ პროკურატურას არ წარმოუდგენია საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა როგორც ელისაშვილის მიერ ამ ქმედების ჩადენას, ისე მის ტერორისტულ მიზანს.
ორგანიზაციის მიერ 13 ოქტომბერს გამოქვეყნებული პუბლიკაციის თანახმად, ელისაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მასალებიდან ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც მას შემთხვევის ადგილთან უშუალოდ აკავშირებს, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნაა. ამ დასკვნის მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის ტერიტორიიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები ელისაშვილისგან აღებული ნიმუშის იდენტურია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“ მიიჩნევს, რომ ექსპერტიზის დასკვნა არ შეიცავს საკმარის ინფორმაციას კვლევის ჩატარების მეთოდისა და პროცესის შესახებ, რის გამოც მისი სანდოობა და კანონიერება ეჭვქვეშ დგას.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ დასკვნაში არ არის მითითებული, რამდენი ძაღლი მონაწილეობდა კვლევაში, რამდენჯერ ჩატარდა ნიმუშების შედარება, ემთხვეოდა თუ არა ყველა შედარების შედეგი ერთმანეთს და რა პირობებში ჩატარდა პროცედურა. ამასთან, დასკვნას არ ახლავს კვლევის ამსახველი ფოტო ან ვიდეომასალა.
ორგანიზაციის შეფასებით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ვერ ადასტურებს, რომ ელისაშვილმა თავად წაუკიდა ცეცხლი სასამართლოს შენობას. მისი განმარტებით, ნიმუშების შესაძლო იდენტურობა თავისთავად არ ადგენს, ვინ ჩაიდინა დანაშაული, და ამის დასადასტურებლად დამატებითი მტკიცებულებებია საჭირო.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“ ასევე მიუთითებს, რომ საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერებით ელისაშვილის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. პუბლიკაციის თანახმად, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ვიდეოჩანაწერებზე ასახული პირის გამოსახულება იდენტიფიცირებისთვის უვარგისია, ზოგიერთ ფოტოზე კი მხოლოდ სავარაუდო ამოცნობაა შესაძლებელი.
ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს გამოძიების ქრონოლოგიაზეც. მისი ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება 2025 წლის 4 მაისს დაიწყო, თუმცა მომდევნო რვა თვეზე მეტი ხნის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები, საქმის მასალების მიხედვით, არ ჩატარებულა.
პუბლიკაციის თანახმად, 2026 წლის იანვარში პოლიციამ მიიღო ე.წ. ოპერატიული ინფორმაცია და გამოიკითხა ხუთი პირი, რომელთა საცხოვრებელ სახლებთან დამონტაჟებული კამერების ჩანაწერებიც შემდგომ საქმეს დაერთო. ორგანიზაციის შეფასებით, ამ პირების ჩვენებებში ფაქტობრივად იდენტური მონათხრობი აჩენს კითხვებს ვიდეოჩანაწერების მოპოვებისა და საქმეში მათი გამოყენების კანონიერებასთან დაკავშირებით.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“ მიიჩნევს, რომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერები და ანონიმური წყაროებიდან მიღებული ოპერატიული ინფორმაცია ვერ ადასტურებს ელისაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენას. ორგანიზაცია ასევე წერს, რომ საქმეში დანიშნული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, მისი გამოქვეყნების დროისთვის, წარმოდგენილი არ იყო.
ორგანიზაცია ცალკე განიხილავს ტერორისტული მიზნის დამტკიცების საკითხსაც. მისი შეფასებით, საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სასამართლოს შენობისთვის ცეცხლის წაკიდება ელისაშვილმა მოსახლეობის დაშინების ან სასამართლო ხელისუფლების დესტაბილიზაციის მიზნით ჩაიდინა.
ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის მტკიცებით, „წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული ალექსანდრე ელისაშვილი, რომელსაც სახე ნიღბით ჰქონდა დაფარული“, 2025 წლის 4 მაისს მივიდა სასამართლოს არქივთან, სავენტილაციო მილზე ავიდა და სცადა ფანჯრის გაღება, რაც ვერ შეძლო. შემდგომ ჩავიდა კიბეებზე და სარკმლის გამოყენებით არქივის ოთახში შეაგდო ნავთობპროდუქტის შემცველი აალებული ნივთიერება, რის შედეგადაც ოთახში გაჩნდა ხანძარი.
უწყების ცნობით, ელისაშვილი შემდგომ კვლავ დაბრუნდა ფანჯარასთან, რომელიც მეორე არქივის ოთახის მიმდებარედ იყო განთავსებული და სავენტილაციო მილზე ასვლისთანავე ცეცხლი წაუკიდა ფანჯარას და სადენებს.
ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მას ის არ გაუკეთებია, რასაც პროკურატურა ედავება, კერძოდ, 2025 წლის 4 მაისს სასამართლოს არქივში ცეცხლი არ გაუჩენია.
პოლიტიკოსი მსჯავრდებულია ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის საქმეზე და 13 წელი აქვს მისჯილი.