ელისაშვილი არქივში ხანძარზე: რომ გამეკეთებინა, ვიტყოდი, გავაკეთე-მეთქი, მაგრამ არ გამიკეთებია

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლოს არქივში ხანძრის საქმეზე ალეკო ელისაშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

მოსამართლე მეია მელქაძე განიხილავს, არსებული მტკიცებულებების საფუძველზე გადაეცეს თუ არა ეს საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად.

მტკიცებულებების შესახებ მსჯელობისას ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მას ის არ გაუკეთებია, რასაც პროკურატურა ედავება, კერძოდ, 2025 წლის 4 მაისს სასამართლოს არქივში ცეცხლი არ გაუჩენია.

„მე რომ ვყოფილიყავი 2025 წლის 4 მაისს და ეს გამეკეთებინა, რასაც მაბრალებდნენ, ვიტყოდი, მე ვარ-მეთქი. არანაირი პრობლემა არ მექნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი 15-წლიანი ტერორიზმის მუხლი მაქვს, მეორეც რომ დაემატებინათ, ერთი მუხლი მექნება თუ ორი, ჩემთვის აბსოლუტურად სულერთია. მე რომ ის გამეკეთებინა, რასაც ამ დარბაზში მაბრალებენ, ნამდვილად ვიტყოდი, მე ვიყავი-მეთქი. არანაირი პრობლემა მაგის არ მაქვს, ოჯახის წევრები და მეგობრები იმიტომ მოვიშველიე, რომ ასეთი ვარ, ვერ ვიცვლები. 48 წლის ვარ და ვერ შევიცვლები“.

მე რომ ეს გამეკეთებინა, ვიტყოდი, მე გავაკეთე-მეთქი, მაგრამ არ გამიკეთებია და პაპუაშვილს და კობახიძეს რომ გაუხარდეთ, მაგის გამო ვერ დავიბრალებ და ვერც რომელიღაც გამომძიებლის გამო, რომელიც 10 თვე საქმეს ვერ ხსნიდა, და უნდა, ხელი შემაწმინდოს“, – განაცხადა მან.

ელისაშვილის თქმით, საქმეში ორი მტკიცებულებაა – ექსპერტიზა, რომელიც ამბობს, რომ ვიდეოკადრებში პირის ამოცნობა შეუძლებელია და ძაღლი, რომელიც მიუთითებს ალეკო ელისაშვილზე. ამაში ის გულისხმობს ოდოროლოგიურ (სუნის) ექსპერტიზას, რომლის დროსაც ძაღლმა სუნის ნიმუშზე იმუშავა.

„რახან ტერორიზმის 15-წლიანი მუხლით დამიჭირეს, გაიხედეს, გამოიხედეს, გაუხსნელი საქმე ედოთ, რომელიც 10 თვე ვერ გახსნეს. ეს საქმე 10 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, როგორც ქონების დაზიანების საქმე და რახან მე ვიყავი გვარად ელისაშვილი, დაჭერილი ტერორიზმის მუხლით, ზუსტადაც პოლიტიკური მოტივებით, გამომძიებლების გამაოგნებელი არაპროფესიონალიზმის გამო და მეორე – პოლიტიკური დაკვეთის და დავალების გამო ქონების დაზიანების საქმე გადააკვალიფიცირეს ტერორიზმის მუხლით და წარმიდგინეს მე.

სადღაც ქუჩაში ძაღლი იპოვეს, შეიძლება არც იპოვეს ის ძაღლი, ყველაზე მაგარი ამბავი ესაა და ის ძაღლი მადებს თურმე ხელს, რომ გინდა თუ არა, მე ვიყავი. ორი მტკიცებულებაა – ერთი ძაღლი ამბობს, რომ მე ვიყავი, არაფერს ვაჭარბებ. რა ვიცი, ძუნკალი პაკუსია სადღაც იპოვეს, მოიყვანეს და გინდა თუ არა, ეს ელისაშვილიაო. მეორე არის ვიდეოკადრები, სადაც იმით უნდა მიხვდე, რომ თურმე მე ვარ, რომ ექსპერტიზა ამბობს, რომ ამ კადრებში ადამიანის ამოცნობა და ვინაობის დადგენა არის შეუძლებელი. სამხარაული ამბობს, რომ ამოცნობა შეუძლებელია, მაგრამ „რუსთავი 2-ზე“, „იმედზე“ და ათას ჯადო ტელევიზიაზე ატრიალეს ეს კადრები, რომ ელისაშვილი ტერორისტია.

გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარე, ელისაშვილი ტერორისტიაო, იმიტომ, რომ წითელი შრიფტით მიაწერეს, რომ ის კაცი არის ალექსანდრე ელისაშვილი, რომელზეც სამხარაული ამბობს, რომ ვერ ამოვიცნობო. ის ჯეკი ჩანია, ელისაშვილია თუ თენგიზ შარმანაშვილი, გაარკვიეთ ახლა, მაგრამ დამაბრალეს. პოლიტიკური მოტივია, თავიდან ბოლომდე ტყუილია“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, სასამართლოს არქივში ხანძრის გაჩენის შემდეგ პოლიცია ვიდეოკადრებით 10 თვის განმავლობაში არ დაინტერესებულა და მოქალაქეს, რომლის კამერამაც შემთხვევა გადაიღო, მხოლოდ ელისაშვილის დაჭერის შემდეგ დაუკავშირდნენ კადრებისთვის.

„მეორე ამბავსაც მოგიყვებით, რომელიც არის ნოველა უბრალოდ. მეორე კადრია, რომელსაც ასევე მიაწერეს, რომ მე ვარ. ჯოხიანი კაცი დადის და გამაოგნებელი ნოველა არის იქ. გიორგის [ადვოკატს] სანამ არ მოვატანინე და 10-ჯერ სანამ არ წავიკითხე, არ მჯეროდა. მეგონა, კიდე აჭარბებდა რაღაცას. ასეთი ისტორია არის, წარმოიდგინეთ, იმ კადრებთან დაკავშირებით, რომელსაც ელისაშვილი მიაწერეს. უბრალოდ თეთრი ძაფითაც არ ჰქვია, არაფრით ნაკერი არ არის, ფურთხით მიწებებული საქმეა.

2025 წლის 4 მაისს ხომ მოხდა ეს ამბავი, რომ თითქოს მე მივედი და იქ ცეცხლი გავაჩინე დაჟინებით. იმავე დღეს გამოძიება რომ დაიწყო, გამომძიებლები, პოლიციელები კვანტალიანის ქუჩაზე — სიტყვა-სიტყვით ვყვები, რაც წერია დაკითხვის ოქმში, ერთ სიტყვას არ ვაჭარბებ – მოქალაქე იაკობაშვილს დაელაპარაკნენ. ამ მოქალაქეს ქუჩაზე ჰქონდა გამომავალი ვიდეოსათვალთვალო კამერა.

უთხრეს, რომ საეჭვო ადამიანი, შავებში ჩაცმული, თუ ნახოთ ამ ვიდეოსათვალთვალო კამერაზე გარკვეული დროის პერიოდში, დაგვიკავშირდით და შეგვატყობინეთო. 4 მაისს ხდება 2025 წლის ეს ამბავი. ეს მოქალაქე — აი, დაკითხვის ოქმში სიტყვა-სიტყვით არის ნათქვამი — ურეკავს ამ პოლიციელებს და ეუბნება, რომ ასეთი ადამიანი კადრებში აღმოაჩინა.

ამის შემდეგ იცით, რა ხდება? აი, რისთვის ვყავარ დაჭერილი და რა ბრალი მაქვს. ამის შემდეგ, წარმოიდგინეთ, პოლიციელებს, გამომძიებლებს კაცი ეუბნება, რომ კადრებში ვნახე ადამიანი, რომელიც არის სავარაუდოდ ტერორისტი, ცეცხლის წამკიდებელი, ქვეყნის დამაქცევარი. და ამ კაცს 8 თვის განმავლობაში არავინ არ უკავშირდება.

ერთადერთი რამ უთხრეს – გადაიწერე ეს კადრებიო. ამ კაცმა შეინახა ეს კადრები iPhone-ის ტელეფონში და 2025 წლის 4 მაისიდან 2026 წლის 13 იანვრამდე არცერთი პოლიციელი, არც ერთი გამომძიებელი მასთან არ მისულა და არ უკითხავს, მაჩვენე რა კადრები გაქვს, შენ დალოცვილოო. მხოლოდ 2026 წლის 13 იანვარს დაუძახეს მოქალაქე იაკობაშვილს და უთხრეს, რომ აბა, მაჩვენე რა კადრები გაქვსო.

დაბოლოს, იცით რა უთხრა? არ ვიცი, ის პოლიციელები ვინ იყვნენო, არ მახსოვსო, ვინც მოვიდნენ სულ თავიდანო. სპარსული სიტყვაა ჩვენს ლექსიკონში დამკვიდრებული, უხარისხობის მანიშნებელი — ღარიბი ხალხისთვის ფეხსაცმელს ვინც კერავდა, იმათ ერქვათ ფინაჩები. ჯღანი ფეხსაცმელი იყო ფინაჩური ფეხსაცმელი. აი, ეს არის ფინაჩობა თავიდან ბოლომდე. ეს რაც მაქვს მე წარდგენილი.

დალოცვილო, მე დაგეხმაროთ, რომ გააყალბოთ ცოტა ხარისხიანად? მე თვითონ მრცხვენია, ისეთი რაღაცებით ვარ დაჭერილი. ერთი ძაღლით და რაღაცა ვიდეოთი, რომელიც თურმე გამომძიებელმა არ ნახა 8 თვე. ესეთი რაღაცა შეიძლება, რომ გამომძიებელი არ მივიდეს მეორე დღეს, მესამე დღეს, ერთ კვირაში? თუ ტერორიზმი მოხდა და თუ გადაიბუგა მთელი სასამართლო, მიდი, 8 თვე რა გაძინებს სახლში, პოლიციელი რომ ხარ და გამომძიებელი?!“, – განაცხადა ელისაშვილმა.


პროკურატურის მტკიცებით, „წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული ალექსანდრე ელისაშვილი, რომელსაც სახე ნიღბით ჰქონდა დაფარული“, 2025 წლის 4 მაისს მივიდა სასამართლოს არქივთან, სავენტილაციო მილზე ავიდა და სცადა ფანჯრის გაღება, რაც ვერ შეძლო. შემდგომ ჩავიდა კიბეებზე და სარკმლის გამოყენებით არქივის ოთახში შეაგდო ნავთობპროდუქტის შემცველი აალებული ნივთიერება, რის შედეგადაც ოთახში გაჩნდა ხანძარი.

უწყების ცნობით, ელისაშვილი შემდგომ კვლავ დაბრუნდა ფანჯარასთან, რომელიც მეორე არქივის ოთახის მიმდებარედ იყო განთავსებული და სავენტილაციო მილზე ასვლისთანავე ცეცხლი წაუკიდა ფანჯარას და სადენებს.

„ელისაშვილის ქმედების შედეგად სასამართლოს შენობის გარე ფასადზე და არქივში, სადაც განთავსებული იყო ასეულობით სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეები, გაჩნდა ხანძარი, რომელიც სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ჩააქრეს“, – აცხადებს უწყება.

ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მას 2025 წლის 29 ნოემბრის ეპიზოდზე უკვე ედავებიან ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით, ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.