თუკი ციხის კლინიკა ვერ დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, განიხილება სხვა, კონტრაქტორ კლინიკაში გადაყვანა - ვოლსკი

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას პრობლემა თუ შეექმნება, მას პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში უმკურნალებენ, ხოლო თუ ეს კლინიკა ვერ დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, მაშინ განიხილავენ მის კონტრაქტორ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას.

„ყველა პირობა აქვს იმისთვის, რათა პენიტენციური დაწესებულების ჯანდაცვამ მის პრობლემას, თუკი ასეთი წარმოიშობა, მიხედოს. თუკი ვერც ის ვერ დააკამყოფილებს, რა საკვირველია, იმ შემთხვევაში იქნება განხილვაში სხვა, კონტრაქტორ კლინიკაში გადაყვანა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ 10 ოქტომბრიდან საუბრობენ, რომ კრიტიკულია, რაც, მისი მტკიცებით, სიმართლე არ არის.


მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კონსილიუმმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ავადმყოფი გადაუდებლად უნდა იქნას გადაყვანილი მრავალპროფილურ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში.

„კონსილიუმი გვქონდა და კონსილიუმმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ავადმყოფი იქნეს გადაყვანილი გადაუდებლად მრავალპროფილურ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში“.

მისი ინფორმაციით, სააკაშვილის მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით გაუარესებულია.

ექიმებს სააკაშვილი არ უნახავთ, რადგან როგორც მათ უთხრეს, „ავადმყოფს არ უნდა კონსილიუმთან შეხვედრა. თავად ყიფშიძე სააკაშვილს იმიტომ ვერ შეხვდა, რომ მასთან ბევრი მნახველია.

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში 39-ე დღეა შიმშილობს.