მხედველობაში ვიღებთ, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში მოხვდა შეურაცხმყოფელ გარემოში - ჰარცელი

პუბლიკა

მხედველობაში ვიღებთ, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში მოხვდა შეურაცხმყოფელ გარემოში – მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

„რაც შეეხება ბატონი სააკაშვილის უფლებებს, როგორც ადამიანის, რომელიც სასამართლოს წინაშე წარდგება, მხედველობაში ვიღებთ, რომ დღეს, ბატონი სააკაშვილს არ მიეცა თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესზე პირადად დასწრების უფლება, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო. ამ კონტექსტში შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თანახმად, ყველას, ვისაც სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალი ედება, რიგ მინიმალურ უფლებებს შორის, უფლება აქვს, თავი დაიცვას პირადად ან მის მიერ არჩეული სამართლებრივი დახმარების საშუალებით. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ბატონი სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეზე უზრუნველყოს გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო პროცესის ჩატარება დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოში.

მხედველობაში ვიღებთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობის კონსტრუქციულ ვალდებულებას არ გამართოს საპროტესტო აქციები ნებისმიერი საავადმყოფოს მახლობლად, სადაც შესაძლოა ბატონი სააკაშვილი გადაიყვანონ, უსაფრთხოების სამსახურების მიერ ადრე დასახელებული პრობლემის გათვალისწინებით, თუ ასეთი გადაყვანა განხორციელდება”, – განაცხადა ელჩმა კარლ ჰარცელმა.