„პროტესტი საწვავის ფასებს!“ - მოქალაქეებმა დიღომში საპროტესტო აქცია გამართეს

პუბლიკა

„პროტესტი საწვავის ფასებს!“ – დღეს დიღომში, „ოლიმპიური აუზის“ მიმდებარედ მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი გილიგაშვილი „პუბლიკასთან“ ამბობს, აქციის მონაწილეების ნაწილი ამ დროისთვის ავტომობილებით აწყობს საპროტესტო მსვლელობას.

„500-მდე ავტომობილი მონაწილეობს მსვლელობაში. ჩვენ ფეხით მსვლელობა გვქონდა დაანონსებული, თუმცა აქციის მონაწილეთა უმრავლესობა პროტესტის ამ ფორმაზე შეჯერდა. ჩვენ, ორგანიზატორები ამ მსვლელობაში არ ვმონაწილეობთ“, – ამბობს გიორგი გილიგაშვილი.

მისივე თქმით, შეხვედრა გაიმართა კომპანია „ვისოლის“ პრეზიდენტთან, რომელსაც აქციის მოთხოვნები გააცნეს.

„შევხვდით „ვისოლის“ პრეზიდენტს და ჩვენი მოთხოვნები გავაცანით – შეიქმნას საბჭო, რომელიც გააკონტროლებს ფასებს და ყველაფერს ნათელს მოფენს. ვგეგმავთ სხვა კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრასაც. მათ გვითხრეს, რომ შევქმნათ საბჭო, ვისაუბროთ და გადავწყვიტოთ – რა როგორ შეიძლება გამოვიდესო“, – ამბობს გილიგაშვილი.

მისივე თქმით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება.


„უარი საწვავის ფასებს“ – მოქალაქეების ბოიკოტი ბენზინგასამართი სადგურების მიმართ გრძელდება. პროტესტი სოციალურ ქსელში ნოემბრიდან დაიწყო, მოქალაქეების ნაწილი საწვავის მაღალი ტარიფის გამო ბოიკოტს უცხადებს კომპანია „ვისოლსა“ და სხვა ბრენდირებულ სადგურებს. „უარი საწვავის ფასებს“ – facebook-ზე ამ სახელწოდებით 140-ათასიანი ჯგუფია შექმნილი.