საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6,4 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, იანვარში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა წინა თვესთან შედარებით 0.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით აღინიშნება სამომხმარებლო ფასების 5.9-პროცენტიანი ზრდა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას (სამომხმარებლო კალათიდან სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების, ენერგომატარებლების, ადმინისტრირებადი ტარიფებისა და ტრანსპორტის ცალკეული ტარიფების გამორიცხვით) აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის იანვარში, გასული წლის იანვართან შედარებით, 4.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.4 პროცენტით განისაზღვრა.
საქსტატის ცნობით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასის ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში დაფიქსირდა ფასის 2.3-პროცენტიანი მატება; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – ფასი გაიზარდა 1.8 პროცენტით; დასვენება, გართობა და კულტურა – ჯგუფში ფასები შემცირდა 4.5 პროცენტით.