ჩვენი ღვინო სამეზობლოში

ლევან სებისკვერაძე

ქართული ღვინო აზერბაიჯანსა და თურქეთში

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ქართულ ღვინოს ასე თუ ისე კარგად იცნობენ, რელიგიური შეზღუდვებიდან თუ სხვა მიზეზებიდან გამომდინარე, აზერბაიჯანსა და თურქეთში ქართული ღვინისადმის დამოკიდებულებები მეტად განსხვავებულია. უფრო სწორად, ცნობადობა ჩვენს ღვინოს არსად აკლია, მასზე ხელმისაწვდომობა კი, მაგალითად, თურქეთში საკმაოდ გართულებულია.

აზერბაიჯანში მევენახეობა და მეღვინეობა მთელი რიგი მიზეზების გამო, არცთუ ფართოდაა განვითარებული. ამ ქვეყანაში ქართულ ღვინოს მაინც ყველა აფასებს, ცნობს და წარმოდგენაც ასე თუ ისე აქვთ. ამის მიზეზი პირველ რიგში, ცხადია, ჩვენი და აზერბაიჯანის მრავალსაუკუნოვანი მეზობლობაა, თუმცა კიდევ ერთიც არის – საბჭოთა კავშირის პერიოდში აზერბაიჯანში (ისევე როგორც საბჭოეთის თითქმის ყველა რესპუბლიკაში) ძირითადად მხოლოდ ქართული და მოლდოვური ღვინო იყიდებოდა.

აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოს მარკეტებში უკვე ბოლო ათწლეულია, რაც ქართულ და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებულ ღვინოებთან ერთად, გამოჩნდა ადგილობრივი, აზერბაიჯანული ბოთლის ღვინოებიც, რომელთა ფასი ყველაზე იაფია და ჩვენს ფულზე 3 ლარიდან იწყება. ალბათ საინტერესოა ის ფაქტიც, რომ აზერბაიჯანში წარმოებული ღვინის უდიდესი ნაწილი ეთნიკურად ქართველებით დასახლებულ კახის რაიონში იწარმოება და ძირითად საღვინე ჯიშად „კახური მწვანე” (ე.წ. მანავის მწვანე) და „რქაწითელი” ითვლება.

აზერბაიჯანში ძირითადად საშუალოზე დაბალი ხარისხის ორდინალურ ღვინოს ნახავთ, თუმცა იშვიათად უმაღლესი კლასის, ე.წ. მსოფლიო ღვინოებსაც (უმეტესად ფრანგულ ღვინოებს)  შეხვდებით. ამ ტიპის ღვინოები ძირითადად ფეშენებელურ რესტორნებსა და სასტუმროებშია, რომელთა ფასი 300 დოლარსაც კი აღწევს. აზერბაიჯანელებს ძალიან უყვართ ქართული წითელი ნახევრად ტკბილი ღვინოები და თითქმის ყველამ იცის შედარებით მდარე ხარისხის ქართული ღვინო – „ალაზნის ველი“ და „ქინძმარაული“, რომლებიც  ბაქოში ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად ღვინოებად ითვლება.

რაც შეეხება ბაქოში წარმოდგენილ ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს – შეხვდებით როგორც ყველასათვის კარგად ნაცნობ, დიდ და ბრენდულ ღვინის საწარმოებს, ასევე სრულიად უცნობ მწარმოებლებსაც, რომლებიც აქედანვე უნდა ითქვას, რომ მეტად საეჭვო ხარისხისა და ღირსების ღვინოებს ყიდიან და ქართულ მეღვინეობას სახელს უტეხენ.

მაგალითად, გასულ ზაფხულს ვნახეთ ქართული ღვინო სახელწოდებით „თბილისი”, რომლის ფოტოგადაღების უფლება ღვინის მაღაზიაში არ მოგვცეს, ამის შემდეგ ღვინის შეძენის სურვილის გამოთქმისთანავე განგვიცხადეს, რომ ღვინო აღარ იყიდებოდა და მაღაზიიდან წასვლისაკენ მოგვიწოდეს. როგორც ჩანს, საქმე გვქონდა გაყალბებულ ღვინოსთან, რომელსაც მისი მწარმოებელი მაღაზიის მეპატრონესთან საიდუმლო შეთანხმებით ძალიან იაფად, დაახლოებით 4 ლარად ყიდდა.

ქართული ბოთლის ღვინის ფასი ბაქოში სამი ლარიდან იწყება და 80 ლარამდე ადის. ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ მწარმოებელ კომპანიებს, თუმცა სასიხარულოა, რომ აზერბაიჯანში თითქმის ყველა დიდი ქართული ღვინის კომპანია ოპერირებს და ისინი, ღვინის გარდა, ქართულ ჭაჭასაც ძალიან კარგად ყიდიან. ბაქოში ასევე ძალიან პოპულარულია ქართული ლიმონათი და ლუდი.

ქართული ღვინო თურქეთში

ჩვენი ქვეყნის მეზობლებიდან, თურქეთის რესპუბლიკა ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც ქართული ღვინის (და ზოგადად ღვინის) შეძენა საკმაოდ რთული საქმეა. ქართული ღვინის ცნობადობა თურქეთის მოქალაქეებშიც (ვინც საქართველოშია ნამყოფი) საკმაოდ დიდია, თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც თურქეთში არსებული კანონმდებლობისა და რელიგიური შეზღუდვების გამო ცნობადობა გაყიდვებზე ნამდვილად ვერ აისახება.

ალკოჰოლური სასმელებიდან თურქეთში მეტნაკლებად შესაძლებელია ადგილობრივი წარმოების ლუდის შეძენა, ისიც კონკრეტულ საათებსა და კონკრეტულ ადგილებში. ალკოჰოლის მაღაზიების გარდა, გაყიდვაზე ლიცენზია რესტორნებს უკიდურესად შეზღუდული აქვთ და ეს შეზღუდვა მკაცრადაც კონტროლდება. ღვინიდან კი (ძირითადად ტურისტულ რეგიონებში და უმეტესად სასტუმროებში) ყველაზე პოპულარულია ადგილობრივი წარმოების ღვინოები, რომლებიც უმეტესად კაბადოკიის მხარეში მზადდება. შეზღუდვებია ღვინის დამზადების კუთხითაც და მცირე მარნებს ეზღუდებათ 500 ლიტრ ღვინოზე მეტი რაოდენობის წარმოება.

თურქეთის ყველაზე დიდ ქალაქ სტამბოლში ქართული ღვინისა და ჭაჭის შეძენა ძირითადად ამ რამდენიმე წლის წინ გახსნილ ქართულ მცირე რესტორან „გალაკტიონშია“ შესაძლებელი, რომლის მფლობელს, პოეტ და მთარგმნელ ირაკლი კაკაბაძეს ძალზედ დიდი შრომა და მცდელობები დასჭირდა ალკოჰოლიანი სასმელების რეალიზაციის ლიცენზია რომ მოეპოვებინა. სტამბოლში ასევე კიდევ ორი ქართული რესტორანია, რომლებიდან ერთ-ერთის (რუსულ-ქართული) მფლობელი ადგილობრივი თურქი გახლავთ და ქართული ღვინის შეტანაზე ნაკლებად ზრუნავს.

საქართველოდან თურქეთში ღვინის ჩატანა არამხოლოდ ღვინის კომპანიებსა და ადგილობრივ რესტორნებს, რიგით მოქალაქეებსაც ძალიან უჭირთ და ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანებს პირადი მოხმარებისთვის გამიზნული რამდენიმე ბოთლი როგორც ბოთლირებული, ასევე ე.წ. ჩამოსასხმელი ღვინო ჩამოართვეს. თურქეთში ერთი ბოთლი ნორმალური ხარისხის ალკოჰოლური სასმელის (ძირითადად რუსეთიდან და უკრაინიდან ექსპორტირებული არყის) ფასი მაღაზიებში დაახლოებით 100 ლარის ეკვივალენტი თურქული ლირიდან იწყება და შესაბამისად, იქ ჩატანილი ალკოჰოლი მატერიალურადაც ძალიან ფასობს.

ჩემთან საუბარში რამდენიმე რუსმა ტურისტმა აღიარა, რომ მათ თანამემამულეებმა სტამბოლის პორტში და ავტოსადგურზე მიასწავლეს კონკრეტული ადგილები, სადაც ჩუმად იყიდებოდა კონტრაბანდული არაყი და საეჭვო წარმომავლობის ვისკი. თუმცა მათ არაფერი უთქვამთ თურქეთში შეტანილ კონტრაბანდულ ქართულ ღვინოზე, რადგან ქართველებს ოჯახებში დაყენებული მცირე რაოდენობის ღვინო თურქეთში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძირითადად საკუთარი მოხმარებისთვის შეაქვთ და იმასაც ხშირად თურქი მესაზღვრეები ართმევენ.

თურქეთის ტურისტულ ქალაქებში: ანტალიაში, ალანიაში და სხვა… დამსვენებლებს სასტუმროს მეპატრონეები, თურქული ღვინის გარდა, სასტუმროების დონის შესაბამისად სთავაზობენ ფრანგულ, იტალიურ, პორტუგალიურ და ესპანურ ღვინოებს. ქართული ღვინო ამ შემთხვევაშიც თითქმის არსად ფიგურირებს, რაც ამ ტურისტულ ქალაქებში დასასვენებლად ჩასულ საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკების მოქალაქეებსაც დანანებით არაერთხელ აღუნიშნავთ. ქართული ღვინო ხომ ყველაზე პოპულარული და ცნობადი ჯერჯერობით კვლავ ამ ქვეყნებშია.