დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე გლობალურ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა და საქართველოში არსებული ვითარებაც მიმოიხილა.
მისი თქმით, საქართველო ჯერ ისევ რჩება დაბალი რისკის ქვეყნად, რადგან აქ არ დაფიქსირებულა კორონავირუსის შემთხვევა. საქართველოს 3 მოქალაქე ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფება, დაკვირვების ქვეშ.
ბრიფინგზე გამყრელიძემ ორსულებს მოუწოდა, მიაკითხონ შესაბამის განყოფილებას და აიცრან სეზონურ გრიპზე. მისი თქმით, გრიპის სეზონი საქართველოში მარტის ბოლომდე გრძელდება.
„ლაბორატორიული მონაცემების მიხედვით, საქართველოში გავრცელებულია ბ ტიპის ვირუსი, რომელსაც მთლიან ცირკულაციაში 60% უჭირავს. 8 %-ია ღორის გრიპი; მაღალია რესპირატორული ვირუსის მაჩვენებელიც. ამ ეტაპზე ჩვენთან კორონავირუსული ინფექციის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ჩინეთში სერიოზული ეპიდსიტუაციაა. დღევანდელი დილის მონაცემებით, 17 205 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა ჩინეთში. აქედან 361 გარდაცვალების ფაქტია. გამოჯანმრთელდა და გაეწერა 475 ადამიანი. ასევე, შესაძლო 5000 შემთხვევაა დაფიქსირებული და 21 500 კონტაქტში მყოფი ადამიანი დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
ჩინეთიდან 25 ქვეყანაში მოხდა ვირუსის ექსპორტი. ევროპის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ევროპის 125 ქვეყანაში 157 შემთხვევა დაფიქსირდა“. – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, საქართველოში ხვალ ლუგარის ლაბორატორიაში ჩამოაქვთ შესაბამისი აღჭურვილობა და ხვალიდან საქართველოშიც იქნება შესაძლებელი ამ ქვეტიპის ვირუსის დიაგნოსტირება. აქამდე დაავადებათა კონტროლის ცენტრი დიაგნოსტირებისთვის მონაცემებს ევროპის რეფერალურ ცენტრებში გზავნიდა.
„ამ ეტაპზე 3 ადამიანია დაკვირვების ქვეშ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში. სამივე საქართველოს მოქალაქეა და სამივეს ჩინეთში ყოფნის ისტორია აქვს. ეს სამი პაციენტი გამოკვლეულია ჩვენთან 22 რესპორატორულ ვირუსზე და ორი ადამიანის სინჯები გადაგზავნილია როდეტრდამში. ხვალ ქვეყნება პასუხები. ხვალ გვექნება ლაბორატორიული საშუალებები ლუგარის ცენტრში, ანუ ის, რაც საჭიროა ამ ქვეტიპის ლაბორატორიული დიაგნოსტირებისთვის და აღარ იქნება საჭირო რეფერალურ ცენტრებში ანალიზების გადაგზავნა“. – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.