კახა კალაძემ თბილისის მთავრობის შემადგენლობა წარადგინა

პუბლიკა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერი და თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატები წარადგინა.

როგორც კახა კალაძემ მერიაში ბრიფინგზე განაცხადა, თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე იქნება, ხოლო მოადგილეების თანამდებობას ილია ელოშვილი, ირაკლი ბენდელიანი და ანდრია ბასილაია დაიკავებენ.

„პირველ რიგში, წარმოგიდგენთ მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ბატონ  ვალერი ჭიღლაძეს. ვალერი არის ძალიან კარგი მენეჯერი. უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩვენ ერთად ბევრი რამ გავიარეთ და ვალერი ყოველთვის წარმატებით ართმევდა თავს საკუთარ უფლება-მოვალეობებს. მინდა წარმატება ვუსურვო მას.

ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურს უხელმძღვანელებს ბატონი გიორგი აბუთიძე; ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური ჩაბარდება ვახტანგ ლომჯარიას; გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური – გიგა გიგაშვილს; კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს ირაკლი გვილავა უხელმძღვანელებს; იურიდიული საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად წარმოგიდგენთ სერგო ბირკაძეს; ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს გაუძღვება გელა ჩივიაშვილი; მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსად გთავაზობთ გიორგი პაპავას კანდიდატურას; საფინანსო საქალაქო სამსხურს კვლავ გაიოზ თალაკვაძე უხელმძღვანელებს; უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად წარვადგენთ ნიკოლოზ ჭონქაძეს; მუნიციპალური ინსპექციის საქალაქო სამსახურს უხელმძღვანელებს კახა გულედანი“,- განაცხადა კალაძემ.