პროფკავშირის გაერთიანების ცნობით, სასამართლომ შვებულებით სარგებლობასთან დაკავშირებით დასაქმებულის მხრიდან გამოთქმული განსხვავებული პოზიციის გამო სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო.
„თ.შ. დასაქმებული იყო კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების სარეალიზაციო ჯიხურში, გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ინდ. მეწარმე ირინა პატარიძესთან. თავდაპირველად მხარეებს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება 1 წლის ვადით. ვადის ამოწურვის შემდეგ ფაქტობრივად გაგრძელდა შრომითი ურთიერთობა, წერილობითი ხელშეკრულების გარეშე.
შრომითი ურთიერთობის გაგრძელებიდან მეორე თვეში თ.შ.-მ მიმართა უშუალო ხელმძღვანელს შვებულების პერიოდის შესათანხმებლად. თ.შ.-ს სურდა, შვებულების ნაწილი გამოეყენებინა ნოემბრის, ნაწილი კი – დეკემბრის თვეში. ამასთან, რადგან ცვლებში მუშაობდა, დამსაქმებელს უთხრა, რომ შვებულების დღეები უნდა გამოანგარიშებულიყო მისი სამუშაო დღეების და არა კალენდარული დღეების მიხედვით.
თ.შ.-ს პოზიციამ გააღიზიანა დამსაქმებელი. დამსაქმებელს მიაჩნდა, რომ თ.შ.-ს შვებულებით უნდა ესარგებლა იმ დროს, როდესაც დამსაქმებლისთვის იყო მისაღები, რის გამოც შვებულების თაობაზე შემდგარი კომუნიკაციიდან 5 დღის შემდეგ თ.შ-ს გაუგზავნა შეტყობინება „ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით“ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ.
მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ ვინაიდან მხარეებს შორის თავდაპირველი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ გაგრძელდა შრომითი ურთიერთობა, შეწყვეტა კი მყისიერად მოჰყვა შვებულების თაობაზე დაფიქსირებულ პოზიციას, მიჩნეული უნდა ყოფილიყო, რომ შეწყვეტის მიზეზი არ იყო ის, რასაც დამსაქმებელი მიუთითებდა, არამედ დასაქმებულის მხრიდან გამოთქმული პოზიცია შვებულებით სარგებლობის პერიოდისა და დღეების გამოანგარიშების წესის თაობაზე.
სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია და ბათილად ცნო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის ბრძანება. ამასთან, სასამართლომ დამსაქმებელს დააკისრა კომპენსაციის გადახდა 1 წლის ხელფასის ოდენობით, რაც შეადგენს 9 183 ლარს.
აღსანიშნვია, რომ სამსახურიდან გათავისუფლების წინმსწრებ ფაქტებს შორის პროფკავშირების გაერთიანების მხრიდან შვებულებაზე გამოთქმული მოსაზრებები იდენტიფიცირებულია, როგორც გათავისუფლების ერთ-ერთი გავრცელებული მოტივი“, – ნათქვამია განცხადებაში.