„ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, ფრიდონ ინჯიამ განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს ჰკითხა, გრძნობს თუ არა უხერხულობას იმ პროფესორ-მასწავლებლების გამო, რომლებიც მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის სახელზე დაწერილი წერილის ხელმომწერები არიან.
„მინდა, შეგახსენოთ, რომ ამ დღეებში გამოქვეყნდა წერილი, რომელსაც ხელს აწერს საზოგადოების გარკვეული ნაწილი და მიმართულია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენზე. ეს არის საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელიც მოითხოვს პატიმარ სააკაშვილის გადარჩენას და განთავისუფლებას. ეს ხალხი არ მიიჩნევს, რომ ის იყო მკვლელი, მაწამებელი თუ რაც არის, ქურდი, საქართველოს მიწის გამსხვისებელი, ყაჩაღი, მოძალადე, რეკეტიორი, მრავალი სხვა…
ამ სიაში არის გარკვეული რაოდენობის ხალხი, თქვენი პროფესორ-მასწავლებლები, სადღაც 20%-ია, თქვენ არ გრძნობთ უხერხულობას, როდესაც თქვენი პროფესორ-მასწავლებლები, რომლებსაც თქვენ ხელფასს უხდით, რომლებმაც უნდა ასწავლონ ჩვენს სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებს, ქვეყნის სიყვარული, პატიოსნება, ის იდეოლოგია, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას გადარჩენისთვის, ისინი აწერენ ხელს ასეთ პეტიციას“, – მიმართა ინჯიამ მინისტრს.
30 ნოემბერს ინჯიამ პლენარულ სხდომაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიმართ ღია წერილთან დაკავშირებით თქვა, რომ დროა, ხელისუფლებამ, ამ მხრივ, შესაბამისი კანონი მიიღოს, სადაც ის „რაღაც ჩარჩოებში ჩასვამს არასამთავრობო ორგანიზაციებს.“