2013-2020 წლებში სახელისუფლებო პიარის თანამშრომლებზე 140 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა - TI

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართვევლოს” ცნობით, 2013-2020 წლებში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სახელმწიფო უწყებებში პიარ-სამსახურებში დასაქმებული თანამშრომლების ანაზღაურებისთვის ბიუჯეტიდან 140.5 მლნ  ლარი დაიხარჯა.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ კვლევა ამჯერად 322 სახელმწიფო უწყების მონაცემებს მოიცავს, მათ შორისაა, საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების და  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ასევე  საჯარო სამართლის იურიდიული პირები.

გთავაზობთ კვლევიდან მთავარ მიგნებებს:

► „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სახელმწიფო უწყებებმა პიარში დასაქმებულ თანამშრომლებს ანაზღაურების სახით ბიუჯეტიდან 140.5 მლნ ლარი გადაუხადეს. ყველაზე სოლიდური თანხა, 19.9 მლნ ლარზე მეტი, 2016  წელს დაიხარჯა.

► 2020 წელს, 2012 წელთან შედარებით, 578-დან 969-მდე (68%) გაიზარდა სახელმწიფო უწყებების პიარში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა.

► თბილისის მერიამ 2018 წელს ააიპ „საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო“ შექმნა, რომელშიც გამგეობებსა და მერიას დაქვემდებარებულ სტრუქტურებში მოქმედი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურები გაერთიანდა. დედაქალაქის მერიაში  2020 წელს საშუალოდ 56 თანამშრომელი იყო დასაქმებული, რომელთა ანაზღაურებაზეც 1.6 მილიონი ლარი დაიხარჯა.

► საჯარო ინფორმაცია 322 სახელმწიფო უწყებიდან გამოვითხოვეთ. 35 დაწესებულება ინფორმაცია არ ან არასრულად მოგვაწოდა. მათ შორის, აღსანიშნავია, მთავრობის ადმინისტრაცია, თავდაცვის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელთა წინააღმდეგაც სასამართლოს საჩივრით მივმართეთ და კანონის შესაბამისად, გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მოწოდებას მოვითხოვთ.

2013-2020 წლებში პიარსამსახურებში დასაქმებულების რაოდენობა და ანაზღაურება

სახელმწიფო უწყებებში პიარის სფეროში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა და მათი ანაზღაურება 2012 წლიდან, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საგრძნობლად გაიზარდა.

ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა 2016 წელს გაიცა და 20 მილიონამდე ლარი შეადგინა. 2020 წელს, პიარ-სამსახურების თანამშრომელთა ანაზღაურებაზე დახარჯულმა თანხამ კი 18.4 მლნ ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ მსხვილმა უწყებებმა, მათ შორის თავდაცვის სამინისტრომ, 2020 წლის, ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და მთავრობის ადმინისტრაციამ 2019-2020 წლების მონაცემები არ მოგვაწოდეს, დროის ამ მონაკვეთში  დასაქმებულთა რიცხვი და ხარჯები შესაძლოა გაცილებით მაღალი იყოს.

*ანაზღაურებაში გაერთიანებულია სახელფასო ანაზღაურება, პრემია, დანამატი

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ პიარის მიმართულებით დასაქმებული ადამიანების რაოდენობა 2012 წლიდან 2018 წლამდე ყოველწლიურად იზრდებოდა,  2018 წელს ყველაზე მეტი, 1107 ადამიანი იყო დასაქმებული.

ყველაზე მსხვილი  უწყებები დასაქმებისა და ანაზღაურების მხრივ

სხვადასხვა წლებში პიარ-სამსახურებში მომუშავე თანამშრომლების რაოდენობისა და ანაზღაურების მიხედვით, ყველაზე დიდი უწყებებია: მთავრობის ადმინისტრაცია, თბილისის მერია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ლიდერ უწყებებში მხოლოდ 2013 წელს მოხვდა. თბილისის მერიამ  2018 წელს ააიპ „საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო“ შექმნა, რომელმაც გამგეობებსა და მერიას დაქვემდებარებული სტრუქტურების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურები გააერთიანა და პიარის მიმართულებით თანამშრომლებზე გაცემული ხელფასების ჯამური რაოდენობის მიხედვით ლიდერ უწყებას წარმოადგენს.

რადგანაც დიდი ორგანიზაციების ნაწილმა 2018-2020 წლების  ინფორმაცია არ მოგვაწოდა, რასაც შეიძლება ამ წლების სურათი მნიშვნელოვნად შეეცვალა, ამიტომ 2018-2020 წლებში პრესამსახურში დასაქმებული თანამშრომელთა რაოდენობის და ანაზღაურების შესახებ გრაფიკს ცალკე წარმოგიდგენთ.

ტოპ 3 უწყების სია 2018-2020 წლებში პიარის სფეროში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობით წლების მიხედვით კი ასე გამოიყურება:

ტოპ 3 უწყების სია 2018-2020 წლებში პიარ-თანამშრომლებზე გაცებული ანაზღაურების მიხედვით ასე გამოიყურება: