რა თქვა დარია ნავალნაიამ | მოკლედ

პუბლიკა

16 დეკემბერს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა დარია ნავალნაია – პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის შვილი. მან მამის ნაცვლად მიიღო ანდრეი სახაროვის სახელობის ჯილდო, რომელიც ევროპარლამენტმა ნავალნის ოქტომბერში მიანიჭა.

დარია ნავალნაიას სიტყვამ შთაბეჭდილება მოახდინა ევროპარლამენტარებზე. მას რამდენჯერმე შეაწყვეტინეს გამოსვლა აპლოდისმენტებით. გთავაზობთ მთავარ აქცენტებს, რაზეც ნავალნის შვილმა ისაუბრა. 

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც რუსი ოპოზიციონერის შვილმა ყურადღება გაამახვილა ევროპის ე.წ. პრაგმატული პოლიტიკა იყო.

„ეს  არის სახაროვის პრემია, ანდრეი სახაროვი კი,  ალბათ, პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე არაპრაგმატული ადამიანი იყო. ვერ ვიგებ, რატომ არ შეუძლიათ ადამიანებს, ვინც დიქტატორებთან პრაგმატულ ურთიერთობებს ემხრობა, ისტორიის სახელმძღვანელო გადაშალონ. სწორედ ეს იქნება პრაგმატული ნაბიჯი. ამით მარტივი იქნება გარდაუვალი პოლიტიკური კანონის გაცნობიერება: დიქტატორებისა და ტირანების დაშოშმინება არასდროს მუშაობს“. – თქვა ნავალნაიამ.

მან „პრაგმატიკოსებს“ მოუწოდა, კალკულატორი აიღონ და დაითვალონ, თუ რა უჯდებათ ეს პრაგმატიზმი. მისი თქმით, ვერაფერი გადაწონის იმ დანაკარგს, რაც ვლადიმერ პუტინთან ლაქუცის წლებმა გამოიწვია.

ნავალნის შვილმა გაიხსენა ბორის ნემცოვი, რომელიც კრემლის კედელთან ჩაცხრილეს, ახსენა დანაშაულები, რომლებიც ლონდონსა თუ ბერლინში რუსულმა სპეცსამსახურებმა ჩაიდინეს.

„პრაგმატიზმის უკან იმალება ცინიზმი, პირფერობა და კორუფცია“. – განაცხად დარია ნავალნაიამ და თქვა, რომ „ევროპული ბანკები პუტინისა და მისი მეგობრების მილიარდებს ათეთრებენ“.

ნავალნის შვილის თქმით, ევროკავშირი გასაოცარი სასწაულია, შექმნილი იმ ერების მიერ, რომლებიც მთელი ისტორიის განმავლობაში ერთმანეთს ებრძოდნენ და  მიუხედავად ყველა სირთულისა და პრობლემისა, განაგრძობს არსებობას.

„მჯერა, რომ მომავალში ჩემი ქვეყანაც გახდება მისი ნაწილი“. – თქვა მან.