ზინოვნიკას საქმის ფიგურანტ ყოფილ პოლიციელს ქუჩაში სროლის საქმეზე საპროცესო გაუფორმდა

ნათია ამირანაშვილი

ყოფილ პოლიციელს, ირაკლი მუხადგვერდელს, რომელსაც ქუჩაში იარაღიდან სროლის გამო ბრალი ჰქონდა წარდგენილი, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. 2 წელი პირობითი და ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით – ასეთია საპროცესო შეთანხმების პირობები, რომელიც დღეს მოსამართლე ზვიად შარაძემ დაამტკიცა.

მუხადგვერდელს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული – 10 000 ლარის ოდენობით. ე.წ. წინასწარ პატიმრობაში კი მან მხოლოდ ერთი თვე გაატარა, შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

ვინ არის ირაკლი მუხადგვერდელი და რას ედავებოდა გამოძიება?

მუხადგვერდელი ყოფილი პოლიციელია. ის მედიის ფოკუსში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულმა ანასტასია ზინოვკინამ გაუპატიურების მუქარაში დასდო ბრალი.

მუხადგვერდელს გამოძიება ედავება, რომ 24 მაისს თბილისში, გადაადგილდებოდა ავტომანქანით, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან საპირისპირო ზოლის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც ითვალისწინებს ხულიგნობას – ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ასევე ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით.

მისთვის წარდგენილი მუხლი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

ირაკლი მუხადგვერდელი ბრალს აღიარებდა.


„ვეცადე, თავი გადამერჩინა” –  რა მოხდა 2025 წლის 24 მაისს | მოწმის მონათხრობი

სასამართლო პროცესზე, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, დაიკითხა მოწმე ოთარ ხუციშვილი. მან პროცესზე გაიხსენა, თუ რა უძღოდა წინ ინციდენტს – მისი მონათხრობით ირკვევა, რომ გარკვეულ პირებს შორის ვითარება King David-ის ტერიტორიაზე არსებულ ღამის კლუბში დაიძაბა, თუმცა ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, და რომ ვითარებაც მალევე განიმუხტა. სწორედ ამ პროცესში გაეცნო მას მუდახგვერდელი.

კერძოდ, მოწმემ დაკითხვისას განაცხადა, რომ მეგობართან, ნუგზარ ნარჩემაშვილთან ერთად იმყოფებოდა King David-ის ტერიტორიაზე არსებულ ღამის კლუბში, სადაც „მიირთვეს ალკოჰოლური სასმელი ზომიერად”.

„შემდგომ უკვე დაახლოებით შუა ღამე იქნებოდა შევამჩნიე, რომ ჩემს მეგობართან, ნუგზარი ნარჩემაშვილთან გარკვეული რაოდენობის პიროვნებებს ჰქონდათ რაღაც საუბარი, დავინტერესდი – რაში იყო საქმე, რა დროსაც მათგან კონკრეტული პიროვნება მოვიდა ჩემთან და გამაცნო თავი, რომ იყო პოლიციის თანამშრომელი, მუხადგვერდელი. მეც ავუხსენი, რომ ვიყავი პოლიციის თანამშრომელი [დაცვის პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების რიგითი] და რადგანაც კოლეგები ვიყავით, გასაყოფი ერთმანეთში არაფერი გვქონდა […]”, – თქვა მოწმემ.

პროკურორის კითხვაზე, რას მოჰყვა ეს დაძაბულობა, მოწმემ თქვა, რომ როგორც მან იცის, „მხრის გაკვრის გამო იყო ეს საუბარი”, თუმცა, მუხადგვერდელი ამის უშუალო მონაწილე არ იყო.

„დაახლოებით 2-3 ადამიანი იყო, მათ შორის მუხადგვერდელი. მე როგორც გამოვესარჩლე ჩემს მეგობარს და დავინტერესდი სიტუაციით, მუხადგვერდელიც, სავარაუდოდ, ეგრე დაინტერესდა თავის თანმხლებ პირებზე”, – თქვა მან.

როგორც ხუციშვილი ჰყვება, ვითარების განმუხტვის შემდეგ მან და მისმა მეგობარმა გარკეული ხანი კვლავ დაჰყვეს კლუბში, შემდეგ კი ორივე მათგანი ფეხით გაუყვა გზას გმირთა მოედნის მიმართულებით – „რადგან ტაქსის ვერ ვიძახებდით ტელეფონით”.

„მივემართებოდით გმირთა მოედნის მიმართულებით, შუა ღამე იყო უკვე, რა დროსაც დავინახე ჩვენს გზაზე მომავალი შავი ფერის ავტომობილი,  მარკა არ მახსოვს, გადაადგილდებოდა ნელი სიჩქარით.

შემდგომ SWATCH-ის მაღაზიამდე არმისული, იგივე ავტომობილი საპირისპირო მხარეს დავინახე, რა დროსაც გაისმა პირველი სროლის ხმა. შემდეგ უკვე მოჰყვა სიტყვიერი შეურაცხოფა და რა თქმა უნდა, კიდევ სროლა.

მაგ სიტუაციაში ჩემი თავი დავაყენე პირველ ადგილას, შევეცადე, რომ რამე ზიანი არ მიმეღო და ამოვეფარე იმას, რაც პირველი ვნახე”, – ამბობს ის.

პროკურორის შეკითხვის შემდეგ მოწმე აზუსტებს, რომ იყო – 5 ან 5-ზე მეტი გასროლა. რა მიმართულებით იყო გასროლა? – მოწმემ ამ შეკითხვას ვერ უპასუხა, ვინაიდან, მისი თქმით, „მყისიერად იმ მომეტშივე შევეცადე, რომ ჩემი თავი გადამერჩინა და ზიანი არ მიმეღო”.

მოწმემ თქვა, რომ არც ის დაუნახავს, თუ ვინ იჯდა მანქანაში:

„შესაძლებელია, რომ ეს კავშირში იყოს იმ უთანხმოებასთან, რაც იქ მოხდა, უბრალოდ აბტომობილში ვინ იჯდა და ვინ გაისროლა, მაგაზე ვერ გეტვით.

…პოლიციაში გამოკითხვაზე რომ ვიყავი, სახელი გახდა ჩემთვის ცნობილი, გვარი ისედაც ვიცოდი – ირაკლი მუდაგვერდელი”, – თქმა მან.