იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განმარტებით, იანვრის მეორე ნახევარში, როდესაც „ომიკრონი“ საქართველოში დომინანტური შტამი გახდება, დღიური ინფიცირების რიცხვი 10 000-დან 15 000-მდე იქნება.
აგვისტოსა და ნოემბრის პიკებზე, როდესაც 7 დღის საშუალო დღიურმა შემთხვევებმა 5000-ს მიაღწია, დღიური აქტიური შემთხვევების რაოდენობა 55-60 ათასი იყო. დღიური ინფიცირების რიცხვმა 10 000-საც რომ მიაღწიოს, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ დღიური აქტიური შემთხვევების რაოდენობა 110-120 ათასი იქნება.
აგვისტოს და ნოემბრის პიკებზე ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 12.5% გვქონდა. ეს თანხვდება სამხრეთ აფრიკაში 1-6 დეკემბრის შუალედში 161 328 კოვიდ-პაციენტის მონაცემების ანალიზს, რომელიც აჩვენებს, რომ „დელტა“ შტამის შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 12.8%-ია. სამაგიეროდ, იმავე კვლევით, რომლის პირველადი ვერსია (სტატიების ავტორთა კოლეგები ჯერ კიდევ სწავლობენ სტატიებში მოყვანილი მონაცემებისა და მეთოდოლოგიის სიზუსტეს) ოთხშაბათს გამოქვეყნდა medrxiv.org-ზე, „ომიკრონით“ ინფიცირებულებიდან 2.5% მოხვდა საავადმყოფოში.
2.5% ჰოსპიტალიზაციაც კი უცბად გადაავსებს ჩვენს საავადმყოფოებს, თუკი 7 დღის საშუალო დღიური შემთხვევების პიკი არა 4-5 დღე (როგორც აგვისტოსა და ნოემბერში), არამედ 2 კვირამდე გაგრძელდა. შეერთებულ შტატებში ჰოსპიტალიზაცია 14%-ით გაიზარდა დეკემბრის პირველ ნახევარში იმის პარალელურად, რომ „ომიკრონმა“ თანდათან ჩაანაცვლა „დელტა“ და 18 დეკემბრისთვის შემთხვევათა 74% უკვე „დელტა“ იყო.
როგორი სურათი გვექნება იანვრის მეორე ნახევრისთვის, დიდადაა დამოკიდებული საახალწლო-საშობაო მობილობაზე – რამდენად ინტენსიური იქნება მიმოსვლა ოჯახებს შორის და რამდენად ბევრი იქნება დიდი წვეულებები.
ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ourworldindata.org-ის მიხედვით, შეერთებულ შტატებში მოსახლეობის 73%-ია აცრილი, საქართველოში – მხოლოდ 33%. დასავლეთის ქვეყნებში ასევე აქტიურად მიმდინარეობს ბუსტერ-დოზებით მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესი. 19 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში ბუსტერ-დოზა 47 614 ადამიანს აქვს გაკეთებული. არადა „ომიკრონისგან“ თავდაცვისათვის არათუ ორჯერადად აცრა, ბუსტერ-დოზაც აუცილებელია.
არის კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც, ჯერჯერობით, არავინ საუბრობს: ეს ტესტირების სიმძლავრეებია. თუ ტესტირების მიმართაც იგივე სკეპტიციზმი არ გაჩნდა, რაც ვაქცინაციის მიმართაა, მაშინ „ომიკრონმა“ ტესტებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს. ამიტომ ტესტირების სიმძლავრეების გაზრდაზე ზრუნვა ახლავე დასაწყებია.