ტესტირების სიმძლავრეების გაზრდაზე ზრუნვა ახლავე დასაწყებია

ზურაბ ჭიაბერაშვილი

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განმარტებით, იანვრის მეორე ნახევარში, როდესაც „ომიკრონი“ საქართველოში დომინანტური შტამი გახდება, დღიური ინფიცირების რიცხვი 10 000-დან 15  000-მდე იქნება.

აგვისტოსა და ნოემბრის პიკებზე, როდესაც 7 დღის საშუალო დღიურმა შემთხვევებმა 5000-ს მიაღწია, დღიური აქტიური შემთხვევების რაოდენობა 55-60 ათასი იყო. დღიური ინფიცირების რიცხვმა 10 000-საც რომ მიაღწიოს, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ დღიური აქტიური შემთხვევების რაოდენობა 110-120 ათასი იქნება. 

აგვისტოს და ნოემბრის პიკებზე ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 12.5% გვქონდა. ეს თანხვდება სამხრეთ აფრიკაში 1-6 დეკემბრის შუალედში 161 328 კოვიდ-პაციენტის მონაცემების ანალიზს, რომელიც აჩვენებს, რომ „დელტა“ შტამის შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 12.8%-ია. სამაგიეროდ, იმავე კვლევით, რომლის პირველადი ვერსია (სტატიების ავტორთა კოლეგები ჯერ კიდევ სწავლობენ სტატიებში მოყვანილი მონაცემებისა და მეთოდოლოგიის სიზუსტეს) ოთხშაბათს გამოქვეყნდა medrxiv.org-ზე, „ომიკრონით“ ინფიცირებულებიდან 2.5% მოხვდა საავადმყოფოში.

2.5% ჰოსპიტალიზაციაც კი უცბად გადაავსებს ჩვენს საავადმყოფოებს, თუკი 7 დღის საშუალო დღიური შემთხვევების პიკი არა 4-5 დღე (როგორც აგვისტოსა და ნოემბერში), არამედ 2 კვირამდე გაგრძელდა. შეერთებულ შტატებში ჰოსპიტალიზაცია 14%-ით გაიზარდა დეკემბრის პირველ ნახევარში იმის პარალელურად, რომ „ომიკრონმა“ თანდათან ჩაანაცვლა „დელტა“ და 18 დეკემბრისთვის შემთხვევათა 74% უკვე „დელტა“ იყო.

როგორი სურათი გვექნება იანვრის მეორე ნახევრისთვის, დიდადაა დამოკიდებული საახალწლო-საშობაო მობილობაზე – რამდენად ინტენსიური იქნება მიმოსვლა ოჯახებს შორის და რამდენად ბევრი იქნება დიდი წვეულებები.

ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ourworldindata.org-ის მიხედვით, შეერთებულ შტატებში მოსახლეობის 73%-ია აცრილი, საქართველოში – მხოლოდ 33%. დასავლეთის ქვეყნებში ასევე აქტიურად მიმდინარეობს ბუსტერ-დოზებით მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესი. 19 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში ბუსტერ-დოზა 47 614 ადამიანს აქვს გაკეთებული. არადა „ომიკრონისგან“ თავდაცვისათვის არათუ ორჯერადად აცრა, ბუსტერ-დოზაც აუცილებელია.

არის კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც, ჯერჯერობით, არავინ საუბრობს: ეს ტესტირების სიმძლავრეებია. თუ ტესტირების მიმართაც იგივე სკეპტიციზმი არ გაჩნდა, რაც ვაქცინაციის მიმართაა, მაშინ „ომიკრონმა“ ტესტებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს. ამიტომ ტესტირების სიმძლავრეების გაზრდაზე ზრუნვა ახლავე დასაწყებია.