რეჟისორ ზაზა ხალვაშის მოულოდნელი სიკვდილით რაღაც მეხსიერების მნიშვნელოვანი ძაფი გაწყდა ქართული კინემატოგრაფის წარსულთანაც და მომავალთანაც. ის საშუალო თაობას ეკუთვნოდა, რომელიც საბჭოთა საქართველოს წარსულსა და ტრავმებს უფრო შავ-თეთრი გამოსახულებითა და დრამატული სიმკვეთრით აგროვებდა – საკმარისია გავიხსენოთ „აქ ჩვენთან“ და „მიზერერე“. უახლოეს აწმყოს – უფრო გაფერადებული და სოციალური სიმკვეთრით („სოლომონი“), ხოლო მომავალთან მიბჯენილ აწმყოს – აკვარელური გამომსახველობითა და რაღაცნაირი, თავშეკავებული მედიტაციურობით („ნამე“).
ერთმნიშვნელოვნად, „ნამე“ ზაზა ხალვაშის საუკეთესო ფილმია და მხოლოდ მწუხარებით და დანანებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკანასკნელიც! 62 წლის რეჟისორს არ დასცალდა ახალი, სრულმეტრაჟიანი ფილმის დასრულება სახელწოდებით „წვიმა ორ ნაპირზე“ (საქართველოსა და ლიეტუვას ერთობლივი კოპროდუსცია), რომლის გადაღებაც მართალია დაასრულა, მაგრამ ბოლომდე დამონტაჟება ვერ მოასწრო.
მისი რეჟისორული აზროვნება, სტილი და შეხედულება წლებთან ერთად იცვლებოდა. 1982 წელს გადაიღო მოკლემეტრაჟიანი საკურსო ნამუშევარი „ჟამი“, რომელმაც კიევის ახალგაზრდული კინოს საკავშირო ფესტივალზე სპეციალური პრიზი დაიმსახურა (მაშინ ჯერ კიდევ თეატრალურ ინსტიტუტში, რეზო ჩხეიძისა და თენგიზ აბულაძის სახელოსნოში სწავლობდა). შემდეგი დიდი წარმატება ახალგაზრდა რეჟისორს მოუტანა ფილმმა „იქ, ჩემთან“, რომელიც იმდროინდელი სოციალური თუ პოლიტიკური მოვლენების ფონზე, ლამის კონტრავერსიული აღმოჩნდა.
ფილმი აჭარული სოფლის მრავალსულიან ოჯახზე მოგვითხრობს. ხუთი ძმის ისტორია თითქოს აერთიანებს და ამთლიანებს სოციალურ თუ მითოლოგიურ შრეებს და რაღაცით ძმები ტავიანების ადრეულ ფილმებს მოგვაგონებს. „აქ, ჩემთან“ დაახლოებით ორი ათეული საერთაშორისო კონოფესტივალის პრიზის და ჯილდოს მფლობელია. 1992 წელს ის დიდი წარმატებით უჩვენეს პარიზში, მონმარტრზე, ცნობილ კინოთეატრ „ქრისტიანში“.
1996 წელს ზაზა ხალვაშმა გადაიღო ასევე შავ-თეთრი, აბსტრაქტული, ოდნავ პესიმისტური და პოლიტიკური კონტექსტით გამორჩეული „მიზერერე“. ფილმში პროტაგონისტიცა და ანტაგონისტიც ერთი და იგივე პიროვნებაა (მთავარ როლში ზურა სტურუა), რომელიც სდევნის სხვებს და ამავე დროს, თავად იდევნება… ის პოლიტიკური ზომბიცაა და ლიდერიც, რომელსაც შეუძლია თვითნაკეთი ბოროტება იმპროვიზებულ სიკეთედ აქციოს: „სულ ასე დამსდევენ, ყოველ წუთს, ყოველ საათს, ყველანაირ ამინდში… არც იღლებიან, რადგან ერთმანეთს ენაცვლებიან ჩემს მოსაკლავად“.
უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ დღევანდელი გადასახედიდან „მიზერერე“ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური კონტექსტით აღიქმება, რადგან პოპულარობიდან თუ ლიდერობიდან აუტსაიდერობამდე სავალი გზა პოლიტიკოსებითვის მართლაც სახიფათოდ დამოკლდა. ამის შემდეგ რეჟისორის შემოქმედებაში ხანგრძლივი პაუზა დადგა, რომელიც 2003 წელს, ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით გადაღებულმა სერიალმა – „მგლების ხორუმმა“ შეავსო, რომელიც რეჟისორის თქმით, „თავის გადარჩენას უფრო ჰგავდა, ვიდრე შემოქმედების…“
წლების განმავლობაში ზაზა ხალვაში მუშაობდა აჭარის ტელევიზიაში, ხელმძღვანელ თანამდებობაზე, თუმცა კინოს ისევ დაუბრუნდა და 2015 წელს, საკუთარი ძალებით და მინიმალური ბიუჯეტით გადაიღო ფილმი „სოლომონი“ – რეალური ისტორია ბათუმელი ფოტოგრაფის, მომღერლისა და არტისტის, სოლომონ შენგელიას შესახებ, რომელიც საბჭოთა ეპოქაში, გასული საუკუნის 70-იან წლებში გარდაიცვალა. „სოლომონი“ თბილისის 16-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, ჟიურიმ ქართული პროგრამის საუკეთესო ფილმად აღიარა.
შეიძლება რაღაცით „სოლომონი“, დიმიტრი ბათიაშვილის მიერ გადაღებული ცნობილი სატელევიზო ფილმის, „არასერიოზული კაცის“ (1980) არტისტულ-კინემატოგრაფიულ ვერსიად განვიხილოთ, რომელშიც ხელოვანისა და სოციალური გარემოს კონფლიქტი დრამატული ფინალით მთავრდება. აღსანიშნავია, რომ ბედის ირონიით, სოლომონ შენგელიასადმი მიძღვნილ ფილმში მთავარ როლს მომღერალი სოლომონ მახარაძე ასრულებს.
დაბოლოს, „ნამე“(2018) – რეჟისორის უხმაურო, მედიტაციური და ბრწყინვალე გამომსახველობით გამორჩეული ფილმი, რომელიც მის შემოქმედებაში ცხადია, გამორჩეულ ადგილს დაიკავებს. ზემო აჭარის ერთ-ერთი ღარიბი სოფლის ოჯახის ყოფა-ცხოვრება ისე მოაქცეული აუჩქარებელი, ოდნავ მისტიკური კინემატოგრაფიული თხრობის რიტმში, რომ მამ-შვილის უცნაური თუ მისტიკური უნარი – უმკურნალონ ადამიანებს ჯადოსნური თევზებით მობინადრე წყლით – ლამის ყოფის შემადგენელ პოეზიად აღიქმება.
„ნამე“, რომელიც რეჟისორმა ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით გადაიღო, ასევე ათობით საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია, ხოლო ოპერატორი გიორგი შველიძე თავისი შენანიშნავი ნამუშევრით ამერიკის კინოაკდემიის წევრი გახდა… ცხადია, ოქროსფერი თევზი ფილმში ბიბლიურ ალუზიებსა თუ ასოციაციებს აღძრავს, რაც ზაზა ხალვაშმა სიუჟეტშიც გამოიყენა. მისი მოულოდნელი სიკვდილიც სწორედ ამ ჯადოსნური თევზის გაუჩინარებას ჰგავს, შეწყვეტილ მედიტაციას, უფრო ზუსტად, შეწყვეტილ სიცოცხლეს…