ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ სასოლი გარდაიცვალა

პუბლიკა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, დავიდ სასოლი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი პრესსპიკერი ავრცელებს.

BBC-ის ინფორმაციით, ყოფილი ჟურნალისტი და იტალიელი მემარცხენე-ცენტრისტი პოლიტიკოსი გასული ორი კვირის განმავლობაში მძიმედ ავადმყოფობდა, რის გამოც ყველა ოფიციალური შეხვედრა გააუქმა.

სასოლი საავადმყოფოში წინა თვეში გადაიყვანეს, იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული გართულბებებით. ხოლო გასული წლის სექტემბერში მას ჰოსპიტალში მკურნალობა მძიმე ფორმის პნევმონიასთან გასამკლავებლად დასჭირდა, თუმცა შემდეგ, ნოემბრამდე განაგრძობდა პოლიტიკურ საქმიანობას.

როგორც BBC წერს, თვის ბოლოს ევროპარლამენტის პრეზიდენტის ასარჩევად ახალი არჩევნები იყო დანიშნული. თავად სასოლიმ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უარი თქვა ახალი ვადით ასარჩევად ბრძოლაზე.

დავიდ სასოლიმ 30-წლიანი ჟურნალისტური კარიერა 2009 წელს დაასრულა და ევროპარლამენტის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. ევროპარლამენტარად არჩევიდან 10 წლის შემდეგ, 2019 წელს ის ევროპარლამენტის პრეზიდენტად აირჩიეს. ეს ერთ-ერთი წამყვანი თანამდებობაა ევროკავშირში.