ხელოვნების მუზეუმიდან კიდევ ერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს

პუბლიკა

ხელოვნების მუზეუმიდან კიდევ ერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს. ხელოვნებათმცოდნე მაკო მაჭარაშვილი ხელოვნების მუზეუმში ფერწერისა და გრაფიკის ფონდში კურატორ ნინო ხუნდაძესთან ერთად მუშაობდა.

მაკო მაჭარაშვილმა „პუბლიკასთან“ განაცხადა, რომ გათავისუფლების შესახებ შეტყობინება დღეს ფოსტით მიუვიდა. მისი თქმით, სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებაში გადაწყვეტილების მიზეზი დასახელებული არ არის.

მისი თქმით, გასაუბრებაზე კითხვები შეეხებოდა იმას, თუ რატომ მოაწერა ხელი პეტიციას, რომელიც შეეხებოდა მუზეუმთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების შესწავლისა და თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნას. პეტიციაზე ხელმომწერები მიმართავენ საქართველოს პარლამენტს, რომ პარლამენტმა სათანადო ყურადღება მიაქციოს შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ირგვლივ მიდინარე პროცესებს და შექმნას თემატური მოკლვევის ჯგუფი.

„ახალ წლამდე იყო გასაუბრება. დამიბარეს, ვიყავი. ძირითადად იყო პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მოვაწერე ხელი პეტიციას. ჩემი საქმიანობით არ დაინტერესებულა არავინ. გამოვედი იმ განწყობით, რომ აღარ ვიქნებოდი რეორგანიზაციის შემდგომ მუზეუმში. ნინო ხუნდაძეს რომ ეცნობა გათავისუფლების შესახებ, მე ისედაც არ ვაპირებდი დარჩენას. დავწერდი განცხადებას სამსახურის დატოვების თაობაზე“, – განაცხადა მაკო მაჭარაშვილმა „პუბლიკასთან“.

მაკო მაჭარაშვილის განცხადებით, გასაუბრებაზე მისთვის ნაცნობი პირები იყვნენ მუზეუმის დირექტორი, ნიკა ახალბედაშვილი და მუზეუმის თანამშრომელი გია მარსაგიშვილი.

ხელოვნების მუზეუმის ყოფილი მმართველი, ხელოვნებათმცოდნე ეკა კიკნაძე „პუბლიკასთან“ აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით ხელოვნების მუზეუმის მმართველობამ შექმნა ისეთი კომფორტული გარემო, სადაც არავინ ზედმეტ კითხვას არ დასვამს.

„მაკო ბევრი წელია, მუზეუმში მუშაობს ექსპონატების დაცვა-აღრიცხვის მიმართულებით. მასთან გასაუბრებაზე ერთადერთი კითხვა დასვეს – რატომ მოაწერა ხელი პეტიციას? მისი არანაირი სხვა უნარით არ დაინტერესებულან. ის ეროვნული მუზეუმის გუნდთან იყო ასოცირებული. ბუნებრივია, მასაც დაატოვებინეს იქაურობა და შექმნეს ისეთი თანამშრომლების კომფორტული გარემო, რომელთაგანაც არავინ ზედმეტ კითხვას არასოდეს არ დასვამს“, – ამბობს ეკა კიკნაძე.