ერგნეთში მორიგი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

პუბლიკა

სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საკითხი, ჯერჯერობით, ისევ გადაუწყვეტელია.

„შედგა ძალიან ვრცელი დისკუსია. რამე კონკრეტული პასუხი მათთან დაკავშირებით ვერ წარმოგვიდგინეს, თუმცა ეს საგანგებოდ აღინიშნა და ეს საკითხი იმთავითვე, დაკავების პირველივე მომენტიდან იყო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების კონტროლზე და ეს კონტროლი და ჩართულობა კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადავა, ვინაიდან ისინი არიან უკანონო პატიმრები და ბრძოლა გაგრძელდება მანამდე, სანამ თითოეული არ დაუბრუნდება ოჯახს“, – განაცხადა ანთაძემ.

მისი ინფორმაციით, ქართულმა მხარემ მოითხოვა, დაკონკრეტებულიყო ე.წ. ბრალდებები, რომლითაც უკანონო პატიმრობაში ამყოფებენ საქართველოს მოქალაქეებს.

ანთაძის ცნობით, 3 მოქალაქეს ედავებიან ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას და ნარკოტიკების კონტრაბანდას.

„ბატონებს: ვალერი კანიაშვილს და კახაბერ ნათაძეს ედავებიან  ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას და ნარკოტიკული საშუალების კონტრაბანდას.

რაც მამუკა ჩხიკვაძის მდგომარეობას, ეს საკითხიც საგანგებოდ იქნა დასმული და მოვითხოვეთ განმარტებები მის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ოფიციალურად განაცხადეს, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი, რათა მის მიერ იყოს გამოყენებული  რამე ტიპის ფიზიკური ზემოქმედება და გამორიცხეს ასეთის ალბათობა. ანალოგიურ ინფორმაციას ვღებულობდით ცხელი ხაზის მეშვეობითაც. ცხელი ხაზით გაზიარებული ინფორმაცია და ამგვარ შეხვედრებზე გაზიარებული ინფორმაცია არ ზიარდება მხოლოდ ჩვენს შორის, მას ესწრებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ეს საკითხი არის მათთვის ხელმისაწვდომი და ნაკლებად სავარაუდოა, ეს ინფორმაცია არ შეესაბამებოდეს სინამდვილეს“, – განაცხადა ანთაძემ. [სტილი დაცულია]

ირაკლი ანთაძის თქმით, როგორც შეხვედრაზე უთხრეს, საქართველოს 6 მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცედურები მიმდინარეობს, თუმცა „ამ ეტაპზე ისინი არ აღმოჩნდნენ მზად“, მოეწოდებინათ მეტი ინფორმაცია.

ანთაძის თქმით, კიდევ ერთი საკითხი იყო უკანონო ბორდერიზაცია არამხოლოდ სოფელი კირბალის კონტექსტში, არამედ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ  არსებულ, ანთაძის სიტყვებით, დექსტრუქციულ და უკიდურესად სახიფათო ქმედებებზე.

„კონკრეტულად კირბალთან დაკავშირებით, პირდაპირ მოვითხოვეთ, გაეცათ პასუხი, რას ნიშნავდა ეს თეთრი მონიშვნები და მოვითხოვეთ, დაედასტურებინათ ან უარეყოთ, რომ იქ მზადდება უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მორიგი ტალღა. სამწუხაროდ, ამაზე კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ, რაც შესაძლოა მიუთითებდეს, რომ ადგილი ჰქონდეს ამგვარ პროცესს“, – განაცხადა ანთაძემ.

ირაკლი ანთაძის ცნობით, ქართულმა მხარემ ასევე პასუხი ვერ მოისმინა, როდის მოიხსნება თავისუფალ გადაადგილებაზე შეზღუდვა.