მითები და ფაქტები ომიკრონის შესახებ | WHO

პუბლიკა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) საქართველოს ოფისი კორონავირუსის ომიკრონის შტამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, მითებისა და ფაქტების დაპირისპირების ფორმატში.

მითი: COVID-19-ის ომიკრონ ვარიანტი მსუბუქი დაავადებაა.

ფაქტი: ომიკრონ ვარიანტი დელტასთან შედარებით ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვვს, თუმცა, იგი საშიშ ვირუსად რჩება არავაქცინირებულთათვის.

-ომიკრონი განსაკუთრებულად დიდ საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია.

მითი: ვინაიდან ომიკრონი ნაკლებად მძიმე ვარიანტია, იგი გამოიწვევს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის შემცირებას და ჩვენი ჯანდაცვის სისტემები შეძლებენ მას გაუმკლავდნენ.

ფაქტი: ომიკრონი ჯანდაცვის სისტემებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

-ომიკრონს გავრცელების მაღალი კოეფიციენტი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ იგი დელტასთან შედარებით ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს, შემთხვევების სწრაფი ზრდა გამოიწვევს ჰოსპიტალიზაციის ზრდას, რაც ზეწოლას მოახდენს ჯანდაცვის სისტემებზე და გაძნელდება როგორც COVID-19-ით ინფიცირებული, ასევე სხვა დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობა.

მითი: ვაქცინა არ მუშაობს ომიკრონის წინააღმდეგ.

ფაქტი: ვაქცინაცია წარმოადგენს საუკეთესო დაცვას ომიკრონისგან.

-მოსალოდნელია, რომ ვაქცინა დაგვიცავს ომიკრონით გამოწვეული მძიმე დაავადებისა და სიკვდილისაგან, ისევე, როგორც ეს დელტა ვარიანტის შემთხვევაში მოხდა. ვაქცინაცია იწვევს ორგანიზმის იმუნურ პასუხს ვირუსზე, რომელიც არა მხოლოდ გვიცავს ცირკულაციაში ამჟამად არსებული ვარიანტებისგან – მათ შორის ომიკრონისგან – არამედ, სავარაუდოდ, COVID-19-ის მომავალი მუტაციებით გამოწვეული მძიმე დაავადებისაგანაც.

მითი: ომიკრონი საფრთხეს არ წარმოადგენს არავაქცინირებული ადამიანებისთვის.

ფაქტი: არავაქცინირებული ადამიანები ყველაზე მაღალი რისკის წინაშე იმყოფებიან.

-ახალ შემთხვევათა დიდი რაოდენობა იწვევს მზარდ ჰოსპიტალიზაციას იმ ქვეყნებში, სადაც ომიკრონი დომინანტური ვარიანტია, აქ ჰოსპიტალიზებულთა უმრავლესობა არ არის აცრილი COVID-19-ის წინააღმდეგ.

მითი: ომიკრონი ზოგად გაციებას ჰგავს.

ფაქტი: ომიკრონი ზოგად გაციებაზე ბევრად საშიში დაავადებაა.

-ომიკრონს გაციებასთან შედარებით ჰოსპიტალიზაციის უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვს. ომიკრონ ვარიანტით ინფიცირებულ ადამიანებს ურთულდებათ დაავადება და კვდებიან კიდეც. იგი ასევე ზრდის პოსტ-კოვიდური სიმპტომის განვითარების რისკს.

მითი: თუ COVID-19-ით ერთხელ მაინც ყოფილხართ ინფიცირებული, მაშინ ომიკრონისგან დაცული ხართ.

ფაქტი: ომიკრონი ზრდის COVID-19-ით რეინფიცირების რისკს.

-იმის მიუხევადავად უკვე ინფიცირებული ყოფილხართ თუ არა COVID-19-ის აქამდე არსებული ვარიანტებით, ვაქცინაციის ჩატარება აუცილებელია, რადგან მაღალია ომიკრონით ინფიცირების რისკი.

მითი: ბუსტერი არაეფექტურია ომიკრონით გამოწვეული მძიმე დაავადების წინააღმდეგ.

ფაქტი: ბუსტერ დოზით ვაქცინაცია ამცირებს ომიკრონისა და COVID-19-ის ყველა სხვა ვარიანტისგან გამოწვეული მძიმე დაავადებისა და სიკვდილის რისკს.

-COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინისაგან გამომუშავებული იმუნიტეტი დროთა განმავლობაში სუსტდება. ბუსტერ დოზა აძლიერებს იმუნიტეტს და გვიცავს ამჟამად ცირკულაციაში არსებული ვარიანტებისა და მომავალი მუტაციებისაგან. ბუსტერ დოზით ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკ-ჯგუფებისთვის (60+ ასაკის ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები და სამედიცინო პერსონალი.)

მითი: პირბადის ტარებას აზრი არა აქვს, რადგან ქსოვილში არსებული ნაპრალები ზომით ვირუსზე დიდია.

ფაქტი: პირბადის ტარება ეფექტურია ომიკრონის წინააღმდეგ.

-არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, დელტა ვარიანტის წინააღმდეგ გამოყენებული უსაფრთხოების ზომები (პირბადე, დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა, ხალხმრავალი ადგილებისაგან თავის არიდება, დაცემინება და დახველება მოხრილ იდაყვში და კარგი ვენტილაციის უზრუნველყოფა) ეფექტურია ომიკრონის წინააღმდეგაც.

მითი: ომიკრონ ვარიანტის გავრცელებასთან ერთად პანდემიის დასასრული ახლოვდება.

ფაქტი: პანდემიის დასასრული ახლოს არ არის.

-მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი პანდემიის დასასრულებლად. მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტისთვის ჯანმოს ევროპის რეგიონში ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიანობა ოდნავ შემცირებულია, საქმე გვაქვს COVID-19 შემთხვევების ძლიერ ზრდასთან. მიუხედავად იმისა, რომ ომიკრონი სწრაფად ვრცელდება, COVID-19-ის არსებული შემთხვევების უმეტესობა ჯერ კიდევ დელტა ვარიანტითაა გამოწვეული, რომელიც, როგორც ცნობილია, იწვევს დაავადების მძიმე ფორმებსა და სიკვდილს. იმ ქვეყნებში, სადაც ომიკრონი გახდა ან ხდება დომინანტური ვარიანტი, ადგილი აქვს COVID-19-ის შემთხვევების გაორმაგებას ყოველი 1,5-დან 3 დღეში ერთხელ – შედეგად ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც სწრაფად იზრდება. პანდემიის დასასრულებლად აუცილებელია, რომ მივაღწიოთ ვაქცინაციის უფრო მაღალ დონეს რისკ-ჯგუფებში ჯანმოს ევროპის რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. საქმე ეხება ვაქცინის თანასწორ გადანაწილებას როგორც ქვეყნებს შორის, ისევე ქვეყნების შიგნით და ეს უნდა გულისხმობდეს ყველა მოწყვლადი ჯგუფისა და სამედიცინო პერსონალის პრიორიტეტულად ვაქცინაციას.