„არის გაცილებით უფრო მძაფრი და მძიმე“ - სააკაშვილის ადვოკატები გლდანში ეტაპირების ვიდეოს გაეცნენ

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები სახელმწიფო ინსპექტორის ოფისში სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმის მასალებს, მათ შორის, რუსთავის ციხიდან გლდანის ციხეში ეტაპირების ვიდეოჩანაწერებს გაეცნენ.

პროცესის სრული ვიდეოჩანაწერი სააკაშვილის საქმეში დევს და ის არც პროკურატურას, არც იუსტიციის სამინისტროს და არც სახელმწიფო ინსპექტორს არ გაუსაჯაროებია. ადვოკატებმა სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმის მასალების ნახვა პროკურატურის ნებართვის მიღების შემდეგ შეძლეს.

როგორც ადვოკატი ნიკა გვარამია აცხადებს, სრული ვიდეოჩანაწერი არის „გაცილებით უფრო მძაფრი და მძიმე“, ვიდრე ის მონაკვეთი, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა.

„კადრებიდან ჩანს, რომ ადამიანი ნამდვილად მოტყუებით არის მიყვანილი; უარს აცხადებს გადასვლასა და მკურნალობის მიღებაზე  იმ ჰოსპიტალში, სადაც მიიყვანეს გლდანში და ითხოვს, უკან მიმაბრუნეთ რუსთავშიო. არავის არ ჰქონდა უფლება გადაყვანის; ასევე ჩანს, რომ ატყუებენ, ანალიზების ასაღებად მოგიყვანეთ და ხანმოკლეაო, რაც ბოლოს ტყუილი აღმოჩნდა; ასევე ატყუებენ, რომ ახლა მალე შემოვლენ თქვენი ადვოკატები და ოჯახის წევრებიო, რაც ტყუილი აღმოჩნდა; […]

მერე შეყვანის კადრები არის ძალიან მძიმე სანახაობა. ძალის გამოყენებაა. რაც ჩვენ ვნახეთ, ყველა რაკურსი არ არის, რამდენიმე საინტერესო რაკურსი არ არის, [კამერა] ხან პანდუსს ეფარება და ა.შ. „თრევის ეპიზოდი“ არის და ძალიან მძიმეა სანახავად.

რაც მთავარია, რომ ორკესტრირებულია იქ „შუმოკი“ და ასევე უმძიმესი ტექსტები გვესმის ვინმე გიორგაძისგან, რომელიც არის ცხვარიაშვილის [ნიკა ცხვარიაშვილი, პენიტენციური სამსახურის უფროსი] მოადგილე. ცხვარიაშვილი ბევრად უკეთესად იქცევა, ვიდრე ის გიორგაძე, რომელიც ეუბნება, შენი აშენებული რომ არის, იმიტომ დაგჩხავიან ახლა თავზეო, ეუბნება, რაც დაიმსახურე, ის ხდებაო“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.


გენერალურმა პროკურატურამ დაცვის მხარის მოთხოვნა მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის შესახებ არ დააკმაყოფილა.

უწყება აცხადებს, რომ სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო. მათივე თქმით, შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებამდე და ექსპერტიზის დასკვნების მიღებამდე უწყება მოკლებულია შესაძლებლობას, საქმეზე მიიღოს რაიმე სახის შემაჯამებელი გადაწყვეტილება, მათ შორის პირი ცნოს დაზარალებულად.

ამავდროულად პროკურატურამ გამოხატა მზაობა, დაცვის უფლების სრულყოფილად უზრუნველყოფისთვის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველ ადვოკატებს მიეცეთ სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა.