სოციალური მომსახურების სააგენტოს მშრომელთა გაფიცვა მოლაპარაკებით დასრულდა - სოლიდარობის ქსელი

პუბლიკა

„სოლიდარობის ქსელის“ ცნობით, სოციალური მომსახურების სააგენტოს მშრომელთა გაფიცვა და კოლექტიური ბრძოლა მოლაპარაკებით დასრულდა.

როგორც „სოლიდარობის ქსელის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გაფიცვა შემდეგი პირობებით დასრულდა:

„15 წელზე მეტია სააგენტოში ხელფასები არ გაზრდილა და ჩვენ მივიღეთ ხელფასების 40%-60%-ით მატება;

მივიღეთ ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება, რაც ნიშნავს, რომ ყოველი ბავშვის გაჩენის შემდეგ ყოველ თვე მშობელი მიიღებს იგივე ხელფასს, როგორც მუშაობისას;

გაფიცულებს აუნაზღაურდებათ გაფიცული სამუშაო დრო;

სოც. აგენტები და უფროსი სოც. აგენტები იქნებიან უზრუნველყოფილი ტრანსპორტით;

გაუქმდება ერთთვიანი ხელშეკრულებები და ყველა დასაქმებულთან დაიდება ერთწლიანი ხელშეკრულებები;

შეიქმნება სპეციალური საკომუნიკაციო პლატფორმა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის;

უმჯობესდება დანამატის წესი და მოიხსნება 15 დღიანი ლიმიტი;

ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩვენი პროფკავშირული კოლექტიური ბრძოლა გრძელდება!“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.