პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე ორი კანდიდატურა წარუდგინა

პუბლიკა

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი, გიორგი კალანდარიშვილი და თენგიზ თევზაძე წარუდგინა.

ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ პოზიციაზე კი წარდგენილია – ქრისტინე ქაჯაიას, ლევან ისაკაძის, მაია ზარიძის და გია ცაცაშვილის კანდიდატურები.

„როგორც მოგეხსენებათ, წარმოდგენილია ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი და ასევე ცესკოს ორი წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ოთხი კანდიდატი. ბიუროს მიერ იურიდიულ კომიტეტს დაეწერება და მოხდება კანდიდატების მოსმენა და შემდეგ უკვე პლენარულ სხდომაზე მოვუსმენთ. პროცედურა არის ასეთი – თუ 2/3-ით არ იქნა არჩეული თავმჯდომარე, მაშინ ის ვერ აირჩევა 5 წლის ვადით. გამარტივდა კანონით შემდგომი ნაბიჯი და ცესკოს თავმჯდომარეს 6 თვის ვადით უბრალო უმრავლესობა აირჩევს. რა თქმა უნდა, მისი არჩევის მთავარი კრიტერიუმი პროფესიონალიზმი და მიუკერძოებლობაა. ამიტომ თითოეული კანდიდატის მიუკერძოებლობაზე და პროფესიონალიზმზე იქნება მსჯელობა როგორც კომიტეტის სხდომაზე, ასევე საპარლამენტო ტრიბუნიდან. მე წინასწარ არ დავაფიქსირებ ჩემ პოზიციას, თუმცა, ჩემი ხედვა და მყარი პოზიცია ამასთან დაკავშირებით გამაჩნია“,- განუმარტა დღეს ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.