მოვიძიეთ მიმდინარე მშენებლობები, სადაც 200-მდე ბინაა, ვაწარმოებთ მოლაპარაკებას – მინისტრი „ქართლის“ დევნილებზე

პუბლიკა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია იმ დევნილების დაკმაყოფილება, რომლებიც განსაკუთრებით კრიტიკულ საცხოვრებელ პირობებში იმყოფებიან.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიება მიმდინარეობს.

მინისტრი ამბობს, რომ ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი დევნილებისთვის თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და სხვადასხვა ქალაქში უკვე შეარჩიეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწები და ახლა მიმდინარეობს მუნიციპალიტეტებთან, ქონების მართვის სააგენტოსთან ამ მიწების გადმოსაცემად მოლაპარაკების პროცესი.

„პარალელურად, დაწყებული გვაქვს სხვადასხვა სამშენებლო კომპანიასთან მოლაპარაკებები ამ მიწებზე მშენებლობების დაწყების საკითხზე. ასევე, თბილისში, რადგან ასეთი კრიტიკული მდგომარეობაა სასტუმრო „ქართლთან“ დაკავშირებით, ჩვენ მოვიძიეთ მიმდინარე მშენებლობები, სადაც 200-მდე ბინაა და მათთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომ არსებული ფასების ფარგლებში შემოვიდნენ გამოცხადებულ კონკურსში. მიმდინარე წელს ამ ბინებით ჩვენ მოსახლეობას დავაკმაყოფილებთ. დავადასტურებ, რომ დევნილთა სააგენტომ მოიძია ღირსეული საცხოვრებელი პირობები, სხვადასხვა ბინა, სადაც ჩვენ კრიტიკულ საცხოვრებელ პირობებში მცხოვრებ დევნილებს ვთავაზობთ ქირით გასვლას. მშენებლობების დასრულებამდე, მათ იქ ცხოვრება შეეძლებათ. ჩვენ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ, ყველა შესაძლო რესურსს ვიყენებთ და უახლოეს პერიოდში კონკრეტული ხელშესახები შედეგი გვექნება“, – განაცხადა აზარაშვილმა.