შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ღვთაების მონასტრის კელიაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული.
მათი ინფორმაციით, 1969 წელს დაბადებული კ.შ. წარსულში მკვლელობისთვისაა ნასამართლევი. იგი დაკავებულია განზრახ მკვლელობის ბრალდებით. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 5 თებერვალს გარდაბნის მუნიციპალიტეტში მარტყოფთან მდებარე ღვთაების მონასტრის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ კელიაში, 1958 წელს დაბადებულ რუსეთის მოქალაქეს – ი.დ.-ს ნაჯახის გამოყენებით კისრის არეში დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. კ.შ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი, ნაჯახი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.