ხმალაძე: საკონსტიტუციო სარჩელში მე ვერ ვიპოვე რომელიმე პარტიის აკრძალვის სამართლებრივი საფუძველი

პუბლიკა

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის შეფასებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელს სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და სასამართლომ ის არ უნდა დააკმაყოფილოს. ამის შესახებ მან „მაუწყებელთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ხმალაძის თქმით, სარჩელში პოლიტიკური ბოიკოტი და არჩევნების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება „საბოტაჟად“ არის შეფასებული, რაც „აბსოლუტურად არასამართლებრივია“.

„მე თუ მკითხავთ, ეს სარჩელი საერთოდ დასაშვებად არ უნდა ეცნო საკონსტიტუციო სასამართლოს. მაგრამ თუ ცნო და უსმენს ახლა ამას, მაშინ უნდა მიიღოს კონსტიტუციის შესაბამისი გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება იქნება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი.

არავის აუკრძალავს პოლიტიკური ბოიკოტი, ისევე როგორც ამომრჩევლებს, თქვენ და მე, გვაქვს უფლება, მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში ან არ მივიღოთ მონაწილეობა; შევაფასოთ არჩევნების კანონიერება; ვთქვათ, რომ კარგად ჩატარდა არჩევნები, ან ცუდად ჩატარდა, რომ იყო კარუსელები, იყო გაყალბებები და სხვა. ამ შეფასების უფლება ჩვენთვის არავის წაურთმევია და არც არავის აქვს უფლება, რომ ეს წაგვართვას.

სარჩელში ამ ფაქტის შეფასება, როგორც საბოტაჟისა, არის აბსოლუტურად არასამართლებრივი. ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური განცხადება, პოლიტიკური შეფასება და „საბოტაჟი“ გახლავთ სამართლებრივი შეფასება. საბოტაჟის მონაწილეთა მოქმედება არის დასჯადი, რადგან საბოტაჟი არის სისხლის სამართლის დანაშაული, მაგრამ ამის შეფასება საბოტაჟად არის აბსოლუტურად არასწორი.

ამ სარჩელში არის ტერმინებით ჟონგლიორობა. საბოტაჟი ცუდი რამეა და მე ვამბობ, რომ თქვენ ეწევით საბოტაჟს და ვცდილობ, ამით საზოგადოებას თქვენ მიმართ უარყოფითი განწყობები ჩამოვუყალიბო. მერე თქვენ დადიხართ და ამბობთ, რომ მე საბოტაჟი არ გამიწევია. მაგრამ მასაში, ვინც ნაკლებად იცის, რა არის საბოტაჟი საერთოდ, იცის მარტო ის, რომ ეს არის ცუდი, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ ეს საბოტაჟიაო, ესე იგი არის საბოტაჟი და თქვენ ხართ ცუდი ტიპი. ასეთ რამეებზე მიდის თამაში, ამიტომ მე არაერთგზის ვთქვი ის, რომ იმ სარჩელში, რომლითაც ითხოვენ ამ პარტიების აკრძალვას, მე ვერ ვიპოვე სამართლებრივი საფუძველი რომელიმე პარტიის აკრძალვისა. ეს საფუძვლები ჩამოთვლილია კონსტიტუციაში. არანაირი სხვა საფუძვლით პარტიის აკრძალვა არ შეიძლება“, – ამბობს ხმალაძე.

„ქართული ოცნება“ სარჩელში ამტკიცებს, რომ ოპოზიციური პარტიები მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკურ კრიტიკას არ დასჯერდნენ და გარკვეულ შემთხვევებში კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის მცდელობებში მონაწილეობდნენ.

ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, რომ კონსტიტუცია კრძალავს კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან ძალადობით შეცვლას, მაგრამ არ კრძალავს ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლას.

მისი თქმით, მთავრობის წინააღმდეგ პოლიტიკური მოქმედება ავტომატურად არ ნიშნავს სახელმწიფოს კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ ბრძოლას და ეს ვერ იქნება პარტიის აკრძალვის საფუძველი.

„მაგალითად, კონსტიტუცია კრძალავს სახელმწიფოს კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან ძალადობით შეცვლას. კონსტიტუცია არ კრძალავს მთავრობის დამხობას, კონსტიტუციური წყობილების დამხობას კრძალავს და ნებისმიერი ანტისამთავრობო მოქმედება – გნებავთ დემონსტრაცია, გნებავთ ვთქვათ ძალის გამოყენება მთავრობის წინააღმდეგ და არა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, არ შეიძლება იყოს პარტიის აკრძალვის საფუძველი, როგორ უცნაურადაც არ უნდა ეჩვენებოდეს ეს საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც ფიქრობს, რომ როგორ შეიძლება მთავრობის წინააღმდეგ მოქმედება. შეიძლება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მთავრობის მოქმედება არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპულ კონვენციაში პირდაპირ წერია, რომ ხელისუფლებამ არ უნდა იმოქმედოს ისე, რომ აიძულოს მოქალაქეები, გამოიყენონ ძალა ხელისუფლების შესაცვლელად. ვის ეკრძალება და რა ეკრძალება? ხელისუფლებას ეკრძალება ასეთი მოქმედება, მაგრამ თუ ასე მოქმედებს, მაშინ ხალხს არ ეკრძალება ძალის გამოყენება. აქ ხდება ამ ყველაფრის შეტრიალება.

პარტიის არაკონსტიტუციურ მოქმედებად აცხადებენ ამ პარტიის რომელიმე წევრის, გინდაც ხელმძღვანელი პირის რამე განცხადებას, რომელიც შეიძლება ეჭვქვეშ აყენებდეს ამ განცხადების გამკეთებელი პირის კონსტიტუციურ მოქმედებას. ეს განცხადება შეიძლება არ იყოს კონსტიტუციური, მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს, რომ პარტიის მოქმედება არაკონსტიტუციურია? არა, ბატონო.

ამიტომ არსებობს, ვთქვათ, სისხლის სამართლის დანაშაულის ცნება. თუ მე, მაგალითად, ვარ პარტიის წევრი, ან გნებავთ პარტიის რომელიმე ხელმძღვანელი პირი და მოვუწოდე ადამიანებს ხელისუფლების წინააღმდეგ ძალის გამოსაყენებლად და ვთქვათ, პარლამენტში ძალით შესაჭრედალ, მე ჩავდივარ დანაშაულს და მე უნდა დავისაჯო. ეს არ შეიძლება გახდეს პარტიის აკრძალვის საფუძველი.

სხვა საქმეა, თუ მე ვარ პარტიის ხელმძღვანელი პირი, ვმოქმედებ პარტიის სახელით და ვამბობ, რომ ჩვენი პარტია, ჩვენ მოგიწოდებთ ასეთი არაკონსტიტუციური მოქმედებისკენ, ეს შეიძლება იყოს პარტიის აკრძალვის საფუძველი. მაგრამ ფიზიკური პირის განცხადება, ვინც გინდა იყოს ეს ფიზიკური პირი, პარტიის აკრძალვის საფუძველი არ შეიძლება გახდეს.

სხვა ნიშნებზე არაფერს ვამბობ. იმას, რომ როცა პარტიის აკრძალვის, ვთქვათ, კრიტერიუმებზეა საუბარი, იქ არის ასეთი რამეები, რომ ეს, ვთქვათ, მოწოდება თუნდაც პარტიის მიერ იყოს გაკეთებული, შეიძლება გახდეს პარტიის აკრძალვის საფუძველი, თუ ამ პარტიას აქვს საკმარისი გავლენა საზოგადოებაზე იმისათვის, რომ ამ მოწოდებამ მართლაც შექმნას ამ ანტიკონსტიტუციური მოქმედების რეალური შესაძლებლობა.

მეორე, თუ ამ მოწოდებამ შეიძლება, გამოიწვიოს, ასე ვთქვათ, მყისიერი დარღვევა, მყისიერი მოქმედება, რაც, რომელიც ვთქვათ კონსტიტუციის დარღვევა შეიძლება იყოს. არცერთი ასეთი რამ არ ყოფილა და ვერც სარჩელში უთითებენ რამე ასეთს“, – განმარტავს ვახტანგ ხმალაძე.


„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვს.

პარტია ამტკიცებს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილია ის ფაქტები და არგუმენტები, რომლებიც ჩამოთვლილი პოლიტიკური პარტიების საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის საფუძვლიანობას ადასტურებს.

სარჩელი მიემართება შემდეგ ოპოზიციურ კოალიციებსა და პარტიებს:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო-ლელო“, „გახარია საქართველოსთვის“, „ფედერალისტები“. 

მოსარჩელეთა მტკიცებით, აღნიშნული პარტიების საქმიანობის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.

საკონსტიტუციო სარჩელი არ შეიცავს პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის მოთხოვნას.