საქართველოს პირველი ჩოგანი, ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი TV პირველის ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სიუჟეტში გამოყენებული ჩანაწერები „არის ფარულად ჩაწერილი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი. არ ყოფილა სრული სახით ნაჩვენები და არ ასახავდა ნამდვილ შინაარს“.
„მინდა, გამოვეხმაურო ორი დღის წინ ჩემ წინააღმდეგ შეკვეთილ სიუჟეტს, რომელიც სამარცხვინო ტელევიზიამ მოამზადა:
ჩანაწერები, რომლებიც გავრცელდა, არის ფარულად ჩაწერილი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი. არ ყოფილა სრული სახით ნაჩვენები და არ ასახავდა ნამდვილ შინაარს. ამ გადაცემით, პირველ რიგში, შეილახა ჩემი შვილის უფლებები, რომელიც სკოლის მოსწავლეა და შესაძლოა მარტივად გახდეს ბულინგის მსხვერპლი.
ჩემი შვილი არის ჩემთვის უპირველესი ადამიანი, მოტივატორი და ვფიქრობ, მხოლოდ ასეთი უზნეო ჟურნალისტების მსგავსად მოაზროვნე ადამიანებმა შეიძლება შეიტანონ ეჭვი ამაში .
ჩემი დუმილი განპირობებულია ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე და არ მსურს დეტალებზე საუბარი! მე პარალელულური მართლმსაჯულების გამართვას არ ვაპირებ და ველოდები სასამართლოს გადაწყვეტილებას“, – აცხადებს ნიკოლოზ ბასილაშვილი.
TV პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებში ისმის, თუ როგორ აყენებს ნიკოლოზ ბასილაშვილი სიტყვიერ შეურაცხყოფას ნეკა დოროყაშვილს.
ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილის მიმართ განხორციელებული ოჯახში ძალადობის (5 ეპიზოდი) საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
საქმის განხილვა არაერთხელ გადაიდო ბრალდებულის მიზეზით. შემდგომი სხდომა ჩანიშნულია 2022 წლის 16 თებერვალს. სასამართლოს გადაწყვეტილებით სასამართლო სხდომები საჯაროა.