რა შემთხვევაშია საჭირო ჰოსპიტალიზაცია ინფიცირებულ ბავშვებში – გაბუნიას განმარტება

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „იმედის“ ეთერში ბავშვებში ვირუსის მართვის განახლებულ პროტოკოლზე ისაუბრა.

„ჩვენ უკვე მივიღეთ ჯანდაცვის სამინისტროში განახლებული პროტოკოლი, რომელიც, ძირითადად, უკავშირდება „ომიკრონის“ შედარებით მსუბუქ მიმდინარეობასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს. აქ არის დაკონკრეტებული ბავშვების ბინაზე მართვასთან დაკავშირებული საკითხები და უსვამს ხაზს ჰოსპიტალს მიღმა ბავშვების მართვის შესაძლებლობას.

ამ შემთხვევაში, როცა მდგომარეობა ამას არ მოითხოვს, ბავშვისთვის უმჯობესია, დარჩეს ოჯახურ გარემოში, სადაც მშვიდად შეუძლია გაატაროს ავადმყოფობის ეპიზოდი… თუკი არის საყურადღებო სიმპტომები, რაზედაც პროტოკოლი ხაზგასმით საუბრობს, მხოლოდ ამ შემთხვევაში ეძლევათ რეკომენდაცია ოჯახის ექიმებსაც, რომ იფიქრონ ჰოსპიტალიზაციაზე, ეს არის:  ტემპერატურის იმგვარი მომატება, რომელიც არ ექვემდებარება სიცხის დამწევ საშუალებებს,  თუ ბავშვი არის მივარდნილი, აქვს ქრონიკული დაავადება, საყურადღებოა წლამდე ასაკის ბავშვები… ეს არის ის ძირითადი კრიტერიუმები, რომლებზეც პროტოკოლი აქცენტს აკეთებს“, – განმარტა გაბუნიამ.

მისივე თქმით, შემთხვევების მატებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ბავშვებშიც მოიმატა ინფიცირების მაჩვენებელმა.

„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჰოსპიტალიზაცია გაიზარდა. საერთოდ, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის ბავშვებში მატება აღინიშნა „დელტა“ შტამის დროსაც და ახლა „ომიკრონის“ შემთხვევაშიც მოიმატა ნაკადმა, თუმცა საწოლფონდი მობილიზებულია და თუ ბავშვს დღეს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, შესაძლებლობა რომ მას ჩაუტარდეს შესაბამისი მკურნალობა, არსებობს“, – განაცხადა გაბუნიამ.