„საქართველოს ყრუთა კავშირის“ წარმომადგენელი, მაია მეტონიძე აცხადებს, რომ თბილისის ერთ-ერთ მეტროსადგურში ნაცემ შშმ პირთან კომუნიკაცია უკვე შედგა და როგორც არასრულწლოვანმა გასაუბრების დროს თქვა, ვერ გაიგო, რას მოითხოვდა მისგან პოლიციელი.
მეტონიძის ცნობით, დაზარალებულს ეტყობა ფიზიკური ძალადობის ნიშნები. მასთან უკვე მუშაობს ჟესტური ენის სპეციალისტი, რომელიც მონაწილეობს საგამოძიებო მოქმედებებში. ამის შესახებ მეტონიძემ გადაცემა „პირველ ხაზში“ ისაუბრა.
„ის არის დაზარალებული ფიზიკურად, მას ეტყობა ძალადობის ნიშნები. ჩვენ მოვახერხეთ მასთან გასაუბრება. ჩავრთეთ ჟესტური ენის კვალიფიციური სპეციალისტი და ის მუშაობს და მონაწილეობს საგამოძიებო მოქმედებებში.
გასაუბრების დროს გვითხრა ბავშვმა, არ ვიცი, რა უნდოდა [პოლიციელს]. მე ვიდექი, შემეხო ხელით და წამიყვანაო. ვერ გაიგო, რა უნდოდა. კომუნიკაციაში ვერ შევიდა. მე არ ვიცი, ვინ ახლდა მას, თანმხლებმა პირებმა იციან თუ არა ჟესტური ენა და საერთოდ რა უთხრეს ამ ბავშვს, სად უნდა წასულიყო.
ეს სპეციფიკური გარემოებაა. ეს არ არის ჩვეულებრივი სიტუაცია იმიტომ, რომ ხელით შეეხნენ, აიყვანეს, წაიყვანეს და არ იცის ბენეფიციარმა, სად მიჰყავთ და რატომ. როდესაც ხელს ჰკიდებ, აკავებ და ესაუბრები, მას უნდა განუმარტო. ეს ძალიან ელემენტარულია, კანონმდებლობით დაცულია და ჟესტური ენა აღიარებულია საკომუნიკაციო ენად“, – განაცხადა მეტონიძემ.
მაია მეტონიძის ინფორმაციით, საქმეში ჩართავენ „მსოფლიო ყრუთა ასოციაციას“.
„ჩვენ ჩავრთავთ საერთაშორისო ორგანიზაციას, „მსოფლიო ყრუთა ასოციაციას“ და მოვთხოვთ პასუხს, რა მოხდა, სისტემაში რატომ მუშობს ასეთი ადამიანი, რომელმაც საერთოდ არ იცის ყრუ პირთან კომუნიკაციის ელემენტარული მეთოდოლოგია“, – განაცხადა მაია მეტონიძემ.
24 იანვარს მედიაში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელზეც ჩანს, რომ სამართალდამცავი ახალგაზრდა კაცს ერთ-ერთ მეტროსადგურში ფიზიკურად უსწორდება.
ვიდეომასალაზე ასახულია, რომ სამართლადამცველს მოქალაქე შეკრული ხელებით ესკალატორზე აჰყავს, შემდეგ კი ერთ-ერთ ოთახში შეჰყავს და თავისა და სახის არეში ურტყამს.
ვიდეოში ისმის, როგორ უხსნიან ახალგაზრდა კაცის თანმხლები პირები სამართალდამცავს, რომ ბიჭი შშმ პირია. ვიდეოში ასევე ისმის პოლიციელის ხმა, რომ ახალგაზრდა, სავარაუდოდ, მეტროში მგზავრობის წესებს არღვევდა.
„ხელი გაუშვით, ყრუ-მუნჯია“, – ეუბნებიან პოლიციელს კაცის თანმხლები პირები.
„ყრუ-მუნჯია? რომ ავალაპარაკო ახლა?“ – ისმის პოლიციელის რეპლიკა.
მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი დააკავეს.
ერთი პოლიციელი დაკავებულია ბრალდებით, რომელიც გულისხმობს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ჩადენილს მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა და სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ; ხოლო, ფაქტის შემსწრე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით.