ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე საკონსტიტუციოს ომბუდსმენმაც მიმართა

პუბლიკა

სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს სახალხო დამცველმაც მიმართა და 30 დეკემბერს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.

ომბუდსმენის ცნობით, სახელმწიფო ინსპექტორი თავისი ფუნქციებიდან გამომდინარე, დამოუკიდებლობის განსაკუთრებული გარანტიებით სარგებლობის, ამიტომ, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, მისი უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა საკანონმდებლო რეფორმის ფარგლებში მხოლოდ მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის არსებობის დროს შეიძლება იყოს გამართლებული, რასაც ადგილი არ ჰქონია ამ შემთხვევაში.

სახალხო დამცველი მიიჩნევს რომ სადავო ნორმატიული აქტები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლს, რომელიც კრძალავს საჯარო მოხელეთა თანამდებობიდან დაუსაბუთებელ გათავისუფლებას, კონსტიტუციის მე-9 მუხლს, რომელიც არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტურ გამოძიებას მოითხოვს და მე-15 მუხლს, რომელიც პირადი ცხოვრების კონსტიტუციურ გარანტიას ადგენს. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გასაჩივრებულია ყველა ის ნორმატიული აქტი, რომელიც აუქმებს სამსახურს, ათავისუფლებს სახელმწიფო ინსპექტორს (მის მოადგილეებს) და რომლებიც ინსპექტორის სამსახურის ეფექტურ ფუნქციონირებას ხელყოფენ.

სახალხო დამცველი შუამდგომლობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე – შეჩერდეს სადავო ნორმატიული აქტების მოქმედება 2022 წლის 1 მარტამდე, რათა შესაძლებელი გახდეს ეფექტური კონსტიტუციური კონტროლის განხორციელება.

„საკითხის მნიშვნელობიდან და განსაკუთრებული ხასიათიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოში მოქმედ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს და საგანმანათლებლო დაწესებულებებს, წარმოადგინონ სასამართლო მეგობრის მოსაზრებები საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე და მაქსიმალურად დაუჭირონ მხარი სასარჩელო მოთხოვნას. აღნიშნული დავის გადაწყვეტა მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის თვალსაზრისით“, – აცხადებს ომბუდსმენი.