პროკურატურამ ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალდება დაუმძიმა, – გთავაზობთ უწყების განცხადებას:
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 18 ოქტომბერს, ბ.ლ. და ბ.ხ. ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, ანასტასია შატალოვას განზრახ მოკვლის მიზნით, მის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ. ბ.ლ. კორპუსის სადარბაზოსთან ანასტასია შატალოვას დაელოდა და მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან მძიმე ხარისხის მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი ბ.ხ.-სთან ერთად ავტომობილით შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
იმავე დღეს ბ.ხ., რომელიც ლ.რ.-ს ბინაში იმალებოდა, ჩხრეკის ჩასატარებლად მისულ პოლიციის თანამშრომლებს თავს დაესხა, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ხელყუმბარა საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა, ხოლო მას შემდეგ რაც ლ.რ.-მ პოლიციის თანამშრომლებს ბ.ხ.-ს დაკავებაში ხელი შეუშალა, ეს უკანასკნელი აივნიდან გადახტა, ხოლო ხელყუმბარა კორპუსის ქვემოთ მდგომი პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით ისროლა, ხელყუმბარა არ აფეთქდა და იქვე მდებარე ავტოფარეხის თავზე დაეცა.
სამართალდამცველებმა ბ.ხ. და ბ.ლ. 18 ოქტომბერს დააკავეს. სამართალდამცველებმა ბ.ლ.-ს პირადი ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 3.85 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს.
გამოძიების პროცესში დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ბ.ლ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად), 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარება, ჩადენილი ჯგუფურად) და 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა) წარედგინა.
ხოლო ბ.ხ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად), 236-ე მუხლის მესამე, მეოთხე და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად) და 19-353 პრიმა მუხლის მესამე ნაწილით (პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა.
ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.
რაც შეეხება ამავე საქმეზე დაკავებულ ლ.რ-ს, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით ( პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით), 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვა) და 265-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა) აქვს წარდგენილი”, – ნათქვამია განცხადებაში.