ზუგდიდში ქალზე ძალადობის ბრალდებით პოლიციის თანამშრომელი დაკავებულია

პუბლიკა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, ზუგდიდში ქალზე განხორციელებული ძალადობის ბრალდებით პოლიციის თანამშრომელი გ.ბ. დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ 25 იანვარს ქ. ზუგდიდში, პოლიციის თანამშრომელმა გ.ბ.-მ პირად საკითხზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს მეგობარ ქალს მ.თ.-ს სახეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა.

პროკურატურამ გ.ბ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) გათვალისწინებული ქმედების ჩადენის გამო, 26 იანვარს დააკავა.

„დაკავებულს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება, რის შემდეგაც პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს“, – აცხადებს უწყება.


პარტია „დროას“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარიამ სიჭინავა Facebook-ზე ავრცელებს ვიდეოს, რომელზეც ასახულია, თუ როგორც ძალადობს ქალზე, სავარაუდოდ, პოლიციის ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი.

„ვიდეოზე ასახულია მამაკაცი, რომელსაც აცვია პოლიციელის ფორმა. ჩემი წყარო ადასტურებს, რომ ეს არ იყო დაცვის პოლიციელი. ის იყო ჩვეულებრივი, რიგითი პოლიციელი, რომელიც ძალადობდა ქალზე. მან კანონის შესაბამისად უნდა აგოს პასუხი“, – აცხადებს მარიამ სიჭინავა „TV პირველის“ ეთერში.