ომბუდსმენი: დაუნის სინდრომის მქონე ბავშვს სტუდიამ გაკვეთილებში ჩართულობაზე უარი უთხრა

პუბლიკა

სახალხო დამცველმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისადმი გონივრული მისადაგების ვალდებულების შეუსრულებლობის საკითხზე შპს „არტ თაიმ სტუდიის“ დირექტორს რეკომენდაციით მიმართა.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 2021 წლის მარტში დედამ დაუნის სინდრომის მქონე შვილი არაფორმალური განათლების მიღების მიზნით, შემოქმედებით სტუდიაში მიიყვანა. ბავშვის ფსიქოლოგის თვალსაზრისით, ხატვა, ძერწვა და მსგავსი აქტივობებით დატვირთვა ბავშვს ხელს შეუწყობდა, უკეთ გამოემუშავებინა სოციალური უნარ-ჩვევები. საგაკვეთილო პროცესში ჩართვიდან მეორე დღეს დაწესებულებამ მშობელს უარი უთხრა ბავშვთან მუშაობის გაგრძელებაზე, რის მიზეზადაც ბავშვის რთული ქცევა დაასახელა.

„მხარეთა პოზიციებისა და სამართლებრივი სტანდარტების ანალიზის საფუძველზე, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ დაწესებულებას მომსახურებაზე უარის თქმისას არ განუხილავს, გონივრული მისადაგების პრინციპიდან გამომდინარე, შესაფერისი ალტერნატივებისა და სასწავლო პროცესის მოდიფიკაციის შესაძლებლობა, რაც შესაძლოა ყოფილიყო გარემოსთან ადაპტირების პროცესში მშობლის დახმარება – მშობელს მისცემოდა შესაძლებლობა მცირე ხნით, დაწესებულების თანამშრომლებთან ერთად დასწრებოდა საგაკვეთილო პროცესს და ბავშვს სხვადასხვა აქტივობებში ჩართვაში დახმარებოდა, ასევე ბავშვის ფსიქოლოგთან კონსულტაციის გავლა.

რეკომენდაციაში ყურადღება გამახვილდა არაფორმალური განათლების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ინკლუზიური განათლების პროცესში, რამდენადაც მისი მოქნილი და კონკრეტულ კონტექსტზე ორიენტირებული პირობებიდან გამომდინარე, უკეთ შეუძლია უპასუხოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებს. დაწესებულებები, რომლებიც იღებენ პასუხისმგებლობას უზრუნველყონ მოზარდებისთვის არაფორმალური საგანმანათლებლო სივრცეების შექმნა, ვალდებულნი არიან, სწორად ამოიცნონ ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მოთხოვნილება და შეთავაზებული მომსახურება მაქსიმალურად მიუსადაგონ მათ ინდივიდუალურ საჭიროებებს.“

შედეგად, სახალხო დამცველმა შპს „არტ თაიმ სტუდიის“ დირექტორს მოუწოდა,  მომავალში, საქმიანობისას, გაითვალისწინოს შეთავაზებული მომსახურების მიმღებ პირთა განსხვავებული საჭიროებები და მოემსახურება განახორციელოს იმგვარად, რომ ყველა ბავშვისთვის უზრუნველყოფილი იყოს მომსახურებით თანასწორად სარგებლობის შესაძლებლობა;

უზრუნველყოს მასწავლებელთა პროფესიული ცოდნის ამაღლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ქცევის მართვის საკითხებთან დაკავშირებით.