უარი ბეჭდის დამზადებაზე ჰომოფობიური მოტივით - ომბუდსმენმა დისკრიმინაცია დაადგინა

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველმა, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ (WISG) მიმართვის საფუძველზე, გასულ წელს განიხილა შპს „კოპიპრინტ-2000-თან“ დაკავშირებული საქმე და მომსახურების სფეროში ასოციაციით სექსუალური ორიენტაციის და პროფესიული საქმიანობის ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა.

„2021 წლის 6 ივლისს, „კოპიპრინტ-2000-ს“ ბეჭდის [შტამპის] დამზადების თაობაზე მიმართეს ახლადდაარსებული ორგანიზაციიდან. მას შემდეგ, რაც კომპანიის წარმომადგენელმა გაიგო ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ, რაც გულისხმობდა ლგბტ ადამიანთა უფლებების დაცვას, ჰომოფობიური მოტივით, უარი თქვა ორგანიზაციის ბეჭდის დამზადებაზე.

აღსანიშნავია, რომ განმცხადებელმა სახალხო დამცველს წარუდგინა კომპანიის წარმომადგენელთან საუბრის აუდიო/ვიდეო ჩანაწერი, რომლის ავთენტურობა, მოგვიანებით, ინფორმაციის გამოთხოვისას, არც თავად კომპანიამ უარყო“, – აცხადებს WISG.

ორგანიზაციის ცნობით, სახალხო დამცველმა დაადასტურა, რომ განმცხადებლებისათვის მის უფლებაში ჩარევის და მომსახურების გაწევაზე უარის საფუძველს ლგბტ+ ადამიანების უფლებადაცვით სფეროში მოღვაწეობა წარმოადგენდა, რაც მიუღებელი აღმოჩნდა კომპანიისათვის, ჰომოფობიური დამოკიდებულების გამო.

„ცალსახაა, რომ მოპასუხე კომპანიის თანამშრომელი, (ვისი ვინაობაც კომპანიამ არ გვაცნობა) მკაფიოდ და არაორაზროვნად განმარტავს, რომ ვინაიდან განმცხადებელი მუშაობს ლგბტ+ თემის საკითხებზე და არის უფლებადამცველი, ამის გამო ეუბნება უარს მომსახურებაზე; მეტიც, აღნიშნული პიროვნება გამოთქვამს მოსაზრებას, რომ განმცხადებლის მსგავსად სხვა ლგბტ+ უფლებადამცველებსაც მომსახურება არ უნდა გაუწიონ. ცხადია, ბეჭდის დამზადებაზე უარი ვერ გამართლდება იმით, რომ განმცხადებელი ლგბტ+ თემის უფლებადამცველია. მოპასუხის ქმედებაში ჩანს საჯაროდ შეთავაზებული მომსახურების მიღების ინტერესის მქონე მომხმარებელთა უფლებების დარღვევაც, რაც განსაკუთრებით, საშიშია ურთიერთობის იმ ფორმით, რა ფორმითაც მომსახურების გამწევი ურთიერთობს განმცხადებელთან (ხმამაღალი ტონი, აგდებული და ცინიკური დამოკიდებულება)“, – ვკითხულობთ სახალხო დამცველის შენიშვნაში, რომელსაც „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ აქვეყნებს.

ორგანიზაციის ცნობით, საქმის სამართლებრივ შეფასებაში, სახალხო დამცველი განმარტავს, რომ იმ უფლებებს შორის, რომელთა განხორციელებაშიც განმცხადებელს მოპასუხე კომპანიის უარის შედეგად ხელი შეეშალა, არის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პიროვნების თავისუფალი განვითარების, და საქონელსა და მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უფლებები. 2019 წელს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილების თანახმად კი, თანაბარი მოპყრობის პრინციპი ვრცელდება აგრეთვე: საჯაროდ ხელმისაწვდომი საქონლისა და მომსახურების მიღებაზე (საცხოვრებლის ჩათვლით). 

სახალხო დამცველი, დამატებით, მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად: „იმ პირებს, რომლებიც არასამეწარმეო მიზნებისათვის ან საარსებო მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად იძენენ ან სარგებლობენ ქონებითა და მომსახურებით, დაუსაბუთებლად არ შეიძლება ეთქვათ უარი ხელშეკრულების დადებაზე, თუკი ხელშეკრულების მეორე მხარე მოქმედებს თავისი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში“.

ამდენად, საქართველოს კანონმდებლობა პირდაპირ უკრძალავს სერვისის მიმწოდებელს დაუსაბუთებელი უარის თქმას საქონლის ან/და მომსახურების შეთავაზებისას.

„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე, სახალხო დამცველი ხაზს უსვამს თავად კომპანია შპს „კოპიპრინტ-2000“ -ის პასუხისმგებლობის საკითხსაც, რამდენადაც მოპასუხემ ვერ წარმოადგინა სათანადო და დამაჯერებელი არგუმენტაცია, რომელიც დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდს გაუქარწყლებდა.

„საქმეში არსებული ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ განმცხადებელი მიმართავს კომპანიის წარმომადგენლებს, რომ მას ემსახურებიან დისკრიმინაციულად, რასაც არ მოჰყოლია სათანადო რეაგირება კომპანიის თანამშრომლების მხრიდან, პირიქით, განმცხადებელს განუმარტავს ერთ-ერთი თანამშრომელი, რომ „ყველაფერი ნებაყოფლობითია”, და სთხოვს მათი ოფისის დატოვებას და მომსახურების მისაღებად სხვა კომპანიაში წასვლას ურჩევს.

ნიშანდობლივია ისიც, რომ კომპანიაში არ მოქმედებს შინაგანაწესი (შიდა დოკუმენტი ან სხვა სამართლებრივი აქტი) რომელიც დისკრიმინაციულ ქმედებას აკრძალავდა. გარდა ამისა, ჩანაწერში ისმის სავარაუდოდ, კომპანიის სხვა თანამშრომლის, მამაკაცის ხმა, რომელიც ასევე არ ცდილობს დისკრიმინაციის აღმოფხვრას და სიტუაციის დეესკალაციას და აგულიანებს მომსახურების გაწევაზე უარის მთქმელ პიროვნებას შემდეგი სიტყვებით: „ოქრო ხარ დავით“, “კერძო ბიზნესია, როგორც უნდა ისე წყვეტს“, რაც თავის მხრივ, ცალსახად მიუთითებს მოპასუხე კომპანიაში დასაქმებული პირების მტრულ დამოკიდებულებაზე ლგბტ+ თემის ადამიანების და მათი უფლებადამცველების მიმართ“, – ვკითხულობთ საქმეში.

რეკომენდაციები, რომლითაც სახალხო დამცველმა შპს „კოპიპრინტ-2000“-ის დირექტორს მიმართა, შემდეგია:

  • კომპანიის თანამშრომლებმა მომავალში თავი შეიკავონ მომსახურების სფეროში სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის და პროფესიული ნიშნით, ასევე სხვა ნიშნის საფუძველზე დისკრიმინაციული მოპყრობისგან და სამეწარმეო საქმიანობა თანასწორობის პრინციპის დაცვით წარმართონ;

  • შეიმუშავოს დისკრიმინაციის აკრძალვისა და პრევენციის პოლიტიკის შიდა დოკუმენტი და უზუნველყოთ კომპანიის თანამშრომლებისთვის ტრენინგის ჩატარება თანასწორობის და დისკრიმინაციის დაუშვებლობის საკითხებზე, რათა ხელი შეუწყოთ ლგბტ+ თემისა და სხვა დაუცველი ჯგუფების მიმართ შემწყნარებლური გარემოს ჩამოყალიბებას თქვენს კომპანიაში.

საქმის განმცხადებელი, რომლის ვინაობასაც ორგანიზაცია არ ასაჯაროებს, მათ შორის ზემოაღნიშნული დისკრიმინაციული ფონის გამო, რეკომენდაციის მნიშვნელობაზე საუბრობს:

„მნიშვნელოვანია აღნიშნული რეკომენდაცია, ვინაიდან  უფლებადამცველები ყოველდღიურ რეჟიში ვაწყდებით მსგავს დამოკიდებულებას როგორც კერძო სექტორის მხრიდან, ასევე საჯარო უწყებების მხრიდან.  ჩემი ყოველდღიურობაა ტრანსფობია და საზოგადოების მხრიდან დევნა. შეიძლება ეს ის ერთეული გამონაკლისია, როცა ხმა ავიმაღლე და პროცესებში სახალხო დამცველის ოფისი ჩავრთე, თუმცა ამის მიღმა უამრავი ქეისია, რომლზეც რეაგირება არ განმიხორციელებია. ტრანსფობიური და დისკრიმინაციული დამოკიდებულება თითქოს ნორმალიზდა, ვაწესებთ მინიმალურ სტანდარტს, მაგრამ თითოეულ ტრანსგენდერ პირს მოვუწოდებ, არცერთი ფაქტი არ დატოვონ რეაგირების მიღმა“

„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ აღნიშნული საქმის ადგილობრივ სასამართლოში წარადგენას გეგმავს.