სახელმწიფო თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელების ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებულ კონკურსებს ხელოვნების სფეროში დასაქმებულთა დამოუკიდებელი პროფკავშირი „გილდია“ უნდობლობას უცხადებს.
გთავაზობთ განცხადებას:
კულტურის პოლიტიკა, კულტურის ინდუსტრია და უშუალოდ თეატრალური საქმიანობა წლებია დიდ კრიზისს განიცდის. რეალური ცვლილებების პრაქტიკულად არარსებული პერსპექტივა სპობს ამ სფეროში დასაქმებულ პირთა მოტივაციას.
კულტურის სფეროში ძირეული რეფორმების განხორციელება აუცილებელია, რაზეც „გილდიას“ განცხადება არაერთხელ გაუკეთებია, თუმცა ნებისმიერი რეფორმის საწყისი უნდა იყოს სამართლიანი და დემოკრატიული პროცესები – სრულიად თავისუფალი დისკრიმინაციული მიდგომებისგან, პოლიტიკური გემოვნებისგან, ნეპოტიზმისგან და ა.შ.
2021 წლის დეკემბრის თვეში საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ დაიწყო სახელმწიფო თეატრებში ხელმძღვანელთა შერჩევისა და დანიშვნის პროცედურა, თუმცა, სამწუხაროდ, სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კონკურსის წარმართვის წესი არათუ ძირეული რეფორმებისთვის წინაპირობების შექმნას ემსახურება, არამედ სრულად გამორიცხავს ცვლილებების შესაძლებლობას.
▪საწყის ეტაპზე კულტურის მინისტრმა განაცხადა, რომ 21 სახელმწიფო თეატრში ეტაპობრივად გამოცხადდებოდა კონკურსები სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობებზე. დღეისთვის, კონკურსი 15 მათგანში უკვე გამოცხადდა, მინისტრის მიერ ერთპიროვნულად დაინიშნა 4 სამხატვრო ხელმძღვანელი კონკურსის წესით კი 2.
საგულისხმოა, რომ კულტურის სამინისტრომ კანდიდატთა შესარჩევად სარეკომენდაციო საბჭოს ახალი დებულებაც დაამტკიცა, თუმცა ახალი დებულებით არ გაუმჯობესებულა არც საბჭოს უფლებამოსილებები, არც დაკომპლექტების წესი და არც კანდიდატთა შერჩევის პროცედურა გამხდარა უფრო გამჭვირვალე ან დემოკრატიული. კერძოდ:
საბჭოს შვიდივე წევრს ერთპიროვნულად ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
საბჭოს მთლიან შემადგენლობას უწყდება უფლებამოსილება, თუ ერთსა და იმავე საკითხზე ზედიზედ ორჯერ ვერ შეძლებს გადაწყვეტილების მიღებას, მაგალითად, ორჯერ დაიწუნებს კულტურის სამინისტროს მიერ შერჩეულ კანდიდატებს.
სამინისტრო წარდგენილი განცხადებებიდან თავად შეარჩევს 2 ან 3 კანდიდატს და წარუდგენს საბჭოს. საბჭოს ფუნქცია მხოლოდ ისაა, რომ სამინისტროს მიერ შერჩეულ კანდიდატთაგან მინისტრს დასანიშნად წარუდგინოს ერთი კანდიდატი.
სამინისტრო უფლებამოსილია, ჩაშალოს კონკურსი, თუ მიიჩნევს, რომ კანდიდატების წარდგენა საბჭოსთვის არ არის მიზანშეწონილი.
სარეკომენდაციო საბჭოს შემადგენლობა ფორმალურად „გასაიდუმლოებულია“, რაც აღნიშნული კოლეგიის წევრებს, ფაქტობრივად, უკრძალავს საზოგადოებასთან საჯარო განცხადების ან განმარტების გაკეთებას.
ამ პირობებში დღემდე წარმართული პროცესები და მინისტრის განცხადებები ქმნის უსამართლობის განცდას და წარმოადგენს საკითხისადმი არაჯანსაღი მიდგომების ლუსტრაციას.
▪მინისტრმა უკვე რამდენჯერმე გამოიყენა პირდაპირი დანიშვნის წესი გონივრული დასაბუთებისა და ობიექტური ახსნა-განმარტების გარეშე.
დისკრიმინაციული მიდგომის გამოხატულებაა მინისტრის განცხადებები ახალგაზრდა თაობასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, რეჟისორს არ მიეცემა შესაძლებლობა, მართოს სახელმწიფო თეატრი, მისი პროფესიონალიზმის მიუხედავად, თუ ის ახალგაზრდაა და არ აქვს ისეთი ორგანიზაციების მართვის გამოცდილება, რომელთა წლიური ბიუჯეტი აღემატება ერთ მილიონ ლარს. მაშინ, როდესაც ახალგაზრდა კანდიდატი შეიძლება, იყოს პროფესიონალიცა და მენეჯერული თვისებების მქონეც, მხოლოდ ასაკი არ უნდა წარმოადგენდეს დაბრკოლებას. ასეთი მიდგომით მათ საერთოდ არ მიეცემათ შესაძლებლობა, უხელმძღვანელონ თეატრს, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპებს, შრომის საერთაშორისო სტანდარტებსა და თავად კანონს „პროფესიული თეატრების შესახებ“.
სამინისტროს გადაწყვეტილებამ, გორის ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრის, სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის ჩაშლის შესახებ, ნათლად დაგვანახა, რომ განხილვიდან სრულად გამორიცხულია თავად ამ თეატრში დასაქმებულთა აზრი და ინტერესები. იხ. ლინკი: https://bit.ly/3KNq511
„გილდია“ კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფის დღიდან ცდილობდა, მიეღწია თანამშრომლობის რომელიმე ფორმატისთვის, მაგრამ უშედეგოდ. სამინისტროს არ განუხილავს თეატრებისა და, ზოგადად, კულტურის სფეროს უფრო გამჭვირვალედ, დემოკრატიულად და პროფესიული კრიტერიუმებით მართვის თაობაზე „გილდიის“ არცერთი ინიციატივა. სამინისტრომ არ უზრუნველყო საზოგადოებისა და დაინტერესებული პირების პროცესში ჩართულობა: სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის და ფართო საზოგადოებისთვის უცნობია კონკურსის ფარგლებში მიმდინარე განხილვის დეტალები, დღემდე არ არის საჯარო კანდიდატების მიერ შეტანილი განაცხადები, პროგრამები და შეფასების ოქმები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გილდია უნდობლობას უცხადებს გამოცხადებულ სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩებ კონკურსს, შესაბამისად:
მოვუწოდებთ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, მიუხედავად სამინისტროს მხრიდან პერსონალის ინტერესების სრული იგნორირებისა, შეეცადონ მაქსიმალურად ჩაერთონ მიმდინარე პროცესში, საჯაროდ და დაუფარავად გამოხატონ მათი პოზიციები და საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენონ კონსტიტუციით მინიჭებული გაფიცვის უფლება.
მოვუწოდებთ კულტურის სამინისტროს, გააუქმოს ყველა მიმდინარე პროცედურა, სფეროში დასაქმებულთა ფართო ჩართულობით შეიმუშავოს არჩევისა და დანიშვნის სამართლიანი წესები და შემდეგ, მაღალი გამჭვირვალობის უზრუნველყოფით, ხელახლა დანიშნოს სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევი კონკურსი.
– ვკითხულობთ განცხადებაში.