მოსახლეობის უმრავლესობა ბავშვების ვაქცინაციის წინააღმდეგია - NDI

პუბლიკა

მოსახლეობის 37% ამბობს, რომ პანდემიასთან დაკავშირებით ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინ არის, – ამის შესახებ ნათქვამია NDI-ის გამოკითხვაში.

31%-ს მიაჩნია, რომ ყველაზე ცუდი უკან დარჩა. 12% ფიქრობს, რომ კორონავირუსი არ წარმოადგენს დიდ პრობლემას.

მოსახლეობის 29% ამბობს, რომ უკვე აიცრა, 42% კი აცხადებს, რომ არ გაიკეთებდა ვაქცინას.

NDI-წერს, რომ ვაქცინირებული მოსახლეობის 34% ბუსტერ დოზის გაკეთებას არ აპირებს ან ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება.

ასევე, მოსახლეობის უმრავლესობა ბავშვების ვაქცინაციის წინააღმდეგია. კერძოდ, შეკითხვაზე, კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის ასაკმა 12 წლამდე დაიწია. აცრიდით თუ არა თქვენს შვილს, მოსახლეობის 59% ამბობს, რომ „არა“. 26% – დიახ, 1% – უკვე ავცერი, 15% – არ ვიცი.

38% ამბობს, რომ არ ენდობა ვაქცინის ხარისხს, 20% ამბობს, რომ არ აიცრება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზების გამო, 15%-ს კი მიაჩნია, რომ ვაქცინის გარეშეც გავუმკლავდებით პანდემიას.


კვლევა საზოგადოების განწყობის შესახებ ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ.

საველე სამუშაოები 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში მიმდინარეობდა. ინტერვიუები სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა, რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

ჯამში ჩატარდა 2 099 დასრულებული ინტერვიუ. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარია +/- 1.3%. ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა შეკითხვის მიხედვით.

კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).