NDI-ის კვლევის მიხედვით, პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებელი იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება. უმრავლესობა პოლიტიკურად კვლავ გადაუწყვეტელია
კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. მხოლოდ 42%-მა დაასახელა კონკრეტული პარტია.
შეკითხვაზე – რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? – პასუხები ასე განაწილდა:
- დაასახელა პარტია 42%-მა;
- არც ერთი პარტია – 41%;
- არ ვიცი+უარი პასუხზე – 17%.
მათ შორის, ვინც პარტია დაასახელა:
- „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს 24%;
- ენმ – 9%;
- უარი პასუხზე – 12%;
- არ ვიცი – 6%;
- სხვა – 8%.
კვლევის მიხედვით, ახალგაზრდებს შორის ძირითადად გადაუწყვეტელი ამომრჩევლები არიან.
კვლევა საზოგადოების განწყობის შესახებ ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ.
საველე სამუშაოები 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში მიმდინარეობდა. ინტერვიუები სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა, რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.
ჯამში ჩატარდა 2 099 დასრულებული ინტერვიუ. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარია +/- 1.3%. ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა შეკითხვის მიხედვით.
კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).