რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკანონმდებლო პაკეტი 10 თებერვლისთვის იქნება მზად - ლიზ ტრასი

პუბლიკა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი ლიზ ტრასი ამბობს, რომ ისინი ამზადებენ ისეთ საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სანქციები შეეხება პუტინის გარემოცვას და რუს ოლიგარქებს.

ლიზ ტრასის თქმით, ახალი, ფართო სანქციების პაკეტი 10 თებერვლისთვის იქნება მზად.

„ამით ჩვენ მოგვეცემა საშუალება, რომ დავაწესოთ ფართომასშტაბიანი აქციები არაერთ სექტორში, რომელშიც მოხვდა ყველა ის პირი, ვისაც სტრატეგიული ან ეკონომიკური მხარდაჭერის აღმოჩენა შეუძლია რუსული რეჟიმისთვის… არსად ექნებათ დასამალი და სანქციებს დავაწესებთ ყოველგვარი შიშისა თუ სიმპატიის გარეშე. მკაფიოდ ვამბობ ამას“, – განაცხადა ლიზ ტრასმა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა პირველად რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ გეგმავდნენ საკანონმდებლო ცვლილებებს, რადგან მოქმედი კანონმდებლობით სანქციების დაწესებისას შეზღუდული იქნებოდა ბრიტანეთის მთავრობა. ახალი საკანონმდებლო პაკეტით კი მათ პუტინის გარემოცვისთვის მძიმე დარტყმის მიყენების შესაძლებლობა მიეცემათ.

თუმცა, ლეიბორისტულმა პარტიამ, მმართველი გუნდის შეთავაზებული ცვლილებები გააკრიტიკა. მათი თქმით, უნდა გატარდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები ბრიტანეთში ფულის გათეთრების აღსაკვეთად, რაც რუს ოლიგარქებს მეტად გაურთულებს საქმეს. ამის გარეშე კი სანქციებს ნაკლები ეფექტი ექნებათ.